ზელენსკი ევროკავშირის ასოცირებული წევრობის წინადადებას „უსამართლოს“ უწოდებს

„უსამართლო იქნებოდა უკრაინისთვის ევროკავშირში ყოფნა ხმის ამოღების უფლების გარეშე“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ გერმანიის წინადადება უკრაინისთვის ევროკავშირის „ასოცირებული“ წევრობის მინიჭების შესახებ „უსამართლოა“, რადგან ეს კიევს ბლოკში ხმის გარეშე დატოვებს.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამ კვირის დასაწყისში წინადადებით გამოვიდა, უკრაინისთვის მიეცათ ევროკავშირის შეხვედრებსა და ინსტიტუტებში ხმის მიცემის გარეშე მონაწილეობის უფლება, როგორც შუალედური ნაბიჯი ბლოკში სრულუფლებიანი წევრობისკენ, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს რუსეთის შეჭრით გამოწვეული ოთხწლიანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას.

საპასუხოდ, ზელენსკიმ პარასკევს საღამოს გაგზავნილ წერილში, რომელსაც Reuters-ი გაეცნო, განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის - რომელიც მყარად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას - გასული თვის არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გადაყენებამ გაწევრიანების მოლაპარაკებებში არსებითი წინსვლის შესაძლებლობა შექმნა.

„უსამართლო იქნებოდა უკრაინისთვის ევროკავშირში ყოფნა ხმის ამოღების უფლების გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის წერილში. - „სწორედ ახლაა უკრაინის წევრობის საკითხში სრული და შინაარსიანი წინსვლის დრო“.

წერილი გაეგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს და კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ქრისტოდულიდესს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარეა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს ომის - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის - დროს გაწეული მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ უკრაინა მთელი 27-ქვეყნიანი ბლოკისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბასტიონის როლს ასრულებდა.

„ჩვენ ვიცავთ ევროპას - მთლიანად, არა ნაწილობრივ და არა ნახევრად“, - განაცხადა 48 წლის ლიდერმა და რუსეთი დაადანაშაულა ევროპის ერთიანობისა და განვითარების ძირის გამოთხრის მცდელობაში. - „უკრაინა იმსახურებს სამართლიან მიდგომას და თანასწორ უფლებებს ევროპაში“.

თუმცა, ბევრი ევროპელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ არარეალისტურია, უკრაინამ ბლოკში სრულუფლებიან წევრობას მიაღწიოს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და რუსეთს შორის განხილულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში 2027 წლის თარიღია მითითებული. ევროკავშირში გაწევრიანებას სჭირდება რატიფიკაცია ბლოკის 27 წევრი ქვეყნის მიერ და ამ პროცესმა შესაძლოა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიწვიოს.

მერცის წინადადება წარმოდგენილი იყო, როგორც მცდელობა, ეპოვათ შუალედური გზა სწრაფ გაწევრიანებასა და უკრაინის, როგორც პროცესის დასაწყისში მყოფი კანდიდატი ქვეყნის, ამჟამინდელ სტატუსს შორის. უკრაინა იმედოვნებს, რომ ორი თვის განმავლობაში დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების ექვს ჯგუფზე, რომელიც ცნობილია როგორც „კლასტერები“.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის ზეწოლის მიუხედავად, უკრაინას კარგი წინსვლა აქვს ევროკავშირის დემოკრატიული და ეკონომიკური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საჭირო რეფორმების კუთხით.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროპული ინტეგრაცია ერთ დღეში არ ხდება“, - თქვა მან. - „თუმცა, გაფართოების წინა რაუნდებმა უკვე ნათლად აჩვენა, რომ ქვეყნებს შეიძლება მიეცეთ დრო ინტეგრაციისთვის ევროკავშირში მათი უფლებების შეზღუდვის გარეშე“.

მერცმა ევროკავშირის ოფიციალური პირებისადმი გაგზავნილ წერილში, რომლის შესახებაც ხუთშაბათს Reuters-ი იტყობინებოდა, განაცხადა, რომ ამ იდეას ევროპელ ლიდერებთან განიხილავდა და დეტალების შესათანხმებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით გამოვიდა.

წინადადება მოიცავდა:

  • „პოლიტიკურ ვალდებულებას“, რომელიც ითვალისწინებდა ბლოკის ურთიერთდახმარებისა და თავდაცვის პუნქტის უკრაინის მიმართ გამოყენებას უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველსაყოფად;
  • უკრაინისთვის ევროკომისიის ხმის უფლების არმქონე ასოცირებული კომისრისა და ევროპარლამენტში ხმის უფლების არმქონე წარმომადგენლების დანიშვნას;
  • ევროკავშირის ბიუჯეტზე თანდათანობით წვდომას.

ასევე ნახეთ

ბოლოსდაბოლოს შეძლებენ თუ არა უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას? სომხეთი და უვიზო რეჟიმი ევროპაში