პაკისტანში მატარებელზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

რკინიგზაზე მოწყობილი აფეთქების შედეგები კვეტაში. 24 მაისი, 2026.

პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში აფეთქდა მატარებელი, რომელშიც პაკისტანის უსაფრთხოების ძალები და მათი ოჯახები იმყოფებოდნენ. დაიღუპა მინიმუმ 24 ადამიანი, კიდევ 70-მდე დაშავდა, იტყობინება Reuters-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა სეპარატისტულმა დაჯგუფება „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“. Associated Press-ის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი ააფეთქა რკინიგზის ლიანდაგთან, ქალაქ კვეტაში მატარებელმა გაიარა.

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოების თანახმად, ორი ვაგონი გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ასევე დაზიანდა გაჩერებული ვაგონები.

ტელეარხ „ალ ჯაზირას“ კორესპონდენტი იტყობინება, რომ რკინიგზის ხაზთან ახლოს სერიოზულად დაზიანდა რამდენიმე სახლი და შენობა.

კვეტის სახელმწიფო საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა მკაცრად დაგმო თავდასხმა, მას „ტერორისტული აქტი“ უწოდა და სამძიმარი გამოუცხადა მსხვერპლთა ოჯახებს.

ბელუჯისტანი, რომელიც ავღანეთსა და ირანს ესაზღვრება, პაკისტანის უდიდესი, მაგრამ ასევე უღარიბესი პროვინციაა. „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმია“ (BLA) რეგიონის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ეს დაჯგუფება რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

ასევე ნახეთ

პაკისტანში პოლიციის საგუშანოზე თავდასხმას 14 პოლიციელი ემსხვერპლა