სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 22 მაისის ღამით სტარობელსკზე მიტანილმა იერიშმა "მოთმინების ფიალა აავსო", და რომ შექმნილ ვითარებაში "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იწყებენ უწყვეტ სისტემურ დარტყმებს კიევში უკრაინის საბრძოლო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე". განცხადების თანახმად, "დარტყმები განხორციელდება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზეც და სამეთაურო პუნქტებზეც".
განცხადების თანახმად, მოსკოვი "უცხოეთის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პერსონალს" მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი, "ხოლო უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებთ - არ მიუახლოვდნენ საბრძოლო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს". უკრაინის ხელისუფლება განცხადებაში მოხსენიებულია "ხუნტად" და "ზელენსკის რეჟიმად".
ქალაქი სტარობელსკი მდებარეობს უკრაინის ლუგანსკის ოლქის რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ამ ქალაქზე დარტყმას, რუსეთის მონაცემებით, 21 ადამიანი ემსხვერპლა. იერიშის შედეგად დაინგრა პედაგოგიური კოლეჯის კორპუსები. რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სიების თანახმად, დაღუპულთა უმრავლესობა კოლეჯის სტუდენტია, მათი ასაკი 18-დან 22 წლამდე მერყეობს. დაღუპულთა სიებში არასრულწლოვნები არ არიან, რუსეთის ოფიციალური პირები და მედია აქტიურად ლაპარაკობენ, რომ დარტყმა "ბავშვებზე" განხორციელდა.
უკრაინის არმია ირწმუნება, რომ სტარობელსკში იერიში განხორციელდა რუსეთის ქვედანაყოფის, "რუბიკონის' სამეთაურო პუნქტზე. ეს ცნობა დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.
სტარობელსკზე თავდასხმაზე ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ საპასუხო დარტყმების შესახებ წინადადებები უნდა წარმოადგინოს. კიევზე დარტყმა, რომელიც 24 მაისის ღამით მოხდა და რომლის შედეგადაც სამოქალაქო ობიექტები დაზიანდა, ევროკავშირის ბევრმა სახელმწიფომ დაგმო.