გაიზარდა კიევზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად 24 მაისს დაღუპულთა რიცხვი

რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად კიევში 24 მაისს განადგურებული სახლი

კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით 24 მაისს განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ 26 მაისს განაცხადა, რომ კიევზე თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისას ნაპოვნია ცხედრის ფრაგმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, შევჩენკოს რაიონში სახლის ნაწილის დანგრევის შემდეგ დაკარგულად მიჩნეული ქალისაა. იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა დაინიშნა.

26 მაისამდე ცნობილი იყო, რომ რუსეთის ჯარების დამანგრეველი დარტყმის შედეგად კიევში დაიღუპა ორი ადამიანი და კიევის ოლქშიც - ორი. კიდევ ასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ასევე ნახეთ

კიევი "ორეშნიკით" თავდასხმის შემდეგ: დანგრეულია სახლები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოპერა, მუზეუმები და ეკლესიები
  • უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 24 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინას, ძირითადად, კიევს შეუტიეს 600 უპილოტო საფრენი აპარატით და 90 ბალისტიკური, აერობალისტიკური და გემსაწინააღმდეგო რაკეტით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 55 რაკეტა და 549 დრონი მოიგერია.
  • უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რაკეტებს შორის იყო „ორეშნიკი“, რომელიც რუსეთის ჯარებმა კიევის ოლქზე დარტყმისას გამოიყენეს.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ „ორეშნიკით“ და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით კიევზე და კიევის ოლქზე მასირებული შეტევა იყო პასუხი რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის „ტერორისტულ შეტევებზე“, მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებს დაარტყეს და „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე არანაირი დარტყმები არ დაგეგმილა და არ განხორციელებულა“.

ასევე ნახეთ

„უსირცხვილო შანტაჟი“ - უკრაინამ უპასუხა რუსეთის მუქარას კიევზე დარტყმების შესახებ

25 მაისს რუსეთმა გამოაცხადა, რომ მისი არმია უკრაინის მიერ „ტერორისტული შეტევების" გაგრძელების გამო დაიწყებს „თანმიმდევრულ სისტემურ დარტყმებს" კიევში „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე“ და „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებსა და სამეთაურო პუნქტებზე“ და უცხოეთის დიპლომატიური მისიები გააფრთხილა პერსონალის ევაკუაციის საჭიროების შესახებ.

უკრაინამ, რომელიც მეხუთე წელია რუსეთის დარტყმების ქვეშაა, რუსეთის მუქარას „უსირცხვილო შანტაჟი“ უწოდა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთზე ზეწოლისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ.

ასევე ნახეთ

ლავროვმა რუბიო გააფრთხილა, რომ კიევზე „სისტემური დარტყმები“ იქნება