ბელგიაში მატარებელი სკოლის ავტობუსს შეეჯახა

26 მაისს ბელგიის ქალაქ ბიუგენჰაუტში მატარებელი სკოლის მიკროავტობუსს შეეჯახა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელიდან დაახლოებით 40 კილომეტრში სამგზავრო მატარებელი სკოლის მიკროავტობუსს შეეჯახა. არიან დაღუპულები. ტრაგედია 26 მაისს მოხდა ქალაქ ბიუგენჰაუტში.

ბელგიის რკინიგზის ოპერატორი კომპანიის წინასწარი მონაცემებით, სარკინიგზო გადასასვლელზე შლაგბაუმი დაშვებული იყო. მემანქანემ დამუხრუჭება სცადა, თუმცა შეჯახების თავიდან აცილება ვერ შეძლო. დაწყებულია გამოძიება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიკროავტობუსში მძღოლთან ერთად იმყოფებოდნენ შვიდი მოსწავლე და მათი თანმხლები პირი. ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვს არ ასახელებს მათი ოჯახების ინფორმირებამდე.

პოლიციის ცნობით, მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან.

განახლება: ტელეარხმა RTL TVI ბელგიის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიღუპნენ მიკროავტობუსში მყოფი ორი ბავშვი და ორი უფროსი.