აშშ-ის საელჩო კიევში მუშაობის შეჩერებას უარყოფს

აშშ-ის საელჩო კიევში

აშშ-ის საელჩო კიევში ცვლილებების გარეშე საქმიანობს და ყველა სხვა ცნობა სიცრუეა. ამ შინაარსის განცხადება საელჩომ 28 მაისს დილით გამოაქვეყნა.

  • რუსეთმა 25 მაისს გამოაცხადა, რომ იწყებს „სისტემურ და თანმიმდევრულ დარტყმებს“ კიევზე და უცხოეთის სახელმწიფოებს ურჩია დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია. ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა პირადადაც უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან რუბიოს.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციას, რომ საქმიანობას უცვლელად განაგრძობს, წინ უძღოდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება, რომ როგორც გუშინ უკრაინიდან გაიგეს, კიევში დარჩა ყველა საელჩო, ერთის გარდა.

„ყველა ევროპელი დარჩა. ამერიკამ დატოვა“, - უთხრა კალასმა ჟურნალისტებს კვიპროსზე, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაა.

თავის მხრივ, აშშ-ის საელჩომ გამოაცხადა რომ ღიაა, მის საქმიანობაში არანაირი ცვლილება არ არის და სხვა ცნობები სიცრუეა. საელჩოს თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის უმთავრესი პრიორიტეტია ამერიკელების დაცვა და რეგულარულად ამოწმებს კიევში საელჩოს უსაფრთხოების მდგომარეობას.

ამასთან, შეერთებული შტატების საელჩომ ამერიკელები ისევ გააფრთხილა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის გამო უკრაინაში არ უნდა გაემგზავრონ.

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის საელჩოს დახურვა უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა არ გამორიცხა, რომ კაია კალასი გულისხმობდა ცნობებს კიევიდან ამერიკელი დიპლომატების ნაწილის ხანმოკლე გასვლის შესახებ რუსეთის მიერ კიევზე 24 მაისს განხორციელებული მასირებული შეტევის წინ.

ასევე ნახეთ

„უსირცხვილო შანტაჟი“ - უკრაინამ უპასუხა რუსეთის მუქარას კიევზე დარტყმების შესახებ