ისრაელი წყვეტს კონტაქტს გაეროს გენერალურ მდივანთან - ელჩი

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ისრაელისა და პალესტინელების შესახებ. ნიუ-იორკი. 5 აგვისტო, 2025 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

ისრაელი წყვეტს ყოველგვარ კონტაქტს გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან, განაცხადა ამ ქვეყნის ელჩმა 28 მაისს და ახსნა, რომ „აღმაშფოთებელია“, რომ ისრაელი შავ სიაში შეიყვანეს კონფლიქტის ზონებში სავარაუდო სექსუალური ძალადობის გამო.

„ჩვენ ამ გენერალურ მდივანთან დავამთავრეთ“, - განაცხადა ელჩმა დენი დანონმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

„ისრაელის შავ სიაში შეყვანის და სექსუალური ძალადობის ომის იარაღად გამოყენებაში ბრალდების შესახებ გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია“, - თქვა მან, გუტერეშის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაზე მითითებით.

„გენერალური მდივანი და მისი გუნდი აგრძელებენ ისრაელის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებას. ჩვენი და ჰამასის ტერორისტების ერთ სიაში შეტანა მიუღებელია“.

გაეროში ისრაელის მისიამ განაცხადა, რომ მანამ არ ექნება კონტაქტი გენერალური მდივნის ოფისთან, სანამ გუტერეში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

გუტერეშის წარმომადგენელმა თქვა, რომ ისინი ინფორმირებულნი იყვნენ დანონის განცხადებების შესახებ.

„ჩვენი მხრიდან, გენერალური მდივნის კარი ღია რჩება“, - თქვა სტეფან დიუჟარიკმა.

გაეროს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის შესახებ, როგორც წესი, გამოქვეყნებამდე წარედგინება შესაბამის სახელმწიფოებს.

შარშან აგვისტოში ანგარიშში იყო გაფრთხილება, რომ ისრაელი შესაძლოა დაემატოს შეიარაღებული კონფლიქტის ვითარებაში სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ან პასუხისმგებელი სუბიექტების სიას.

ამ სიაში ასევე ფიგურირებს დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებმა ტერორისტულ ჯგუფად გამოაცხადეს.

გაერომ მოიყვანა „სანდო ინფორმაცია“ ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ ციხეებსა და სხვა დაკავების ცენტრებში პალესტინელი პატიმრების წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ და განაცხადა, რომ გაეროს ინსპექტორებს დაწესებულებებში შესვლაზე უარი ეთქვათ.

„ჩვენ მოვიწვიეთ გაეროს წარმომადგენელი ისრაელში, რათა შეემოწმებინა ეს სასაცილო ბრალდებები. მათ ჩამოსვლა არ ისურვეს”, - თქვა დანონმა.

გაეროსა და ისრაელს შორის ურთიერთობები დაძაბულია და ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზაში საომარი მოქმედებები დაიწყო.

ისრაელის ხელისუფლებამ გაკიცხა გუტერეში და გაეროს სხვა ოფიციალური პირები ღაზაზე ისრაელის დამანგრეველი დარტყმების კრიტიკისთვის.

გაეროს გენერალური მდივანი ისრაელში 2024 წელს „ პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.

ასევე ნახეთ

გაერო ისრაელის ახალ კანონს სიკვდილით დასჯის შესახებ საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს