მადლობა ყველას. ბრძოლა გრძელდება, გვაჩვენონ რას აკეთებს სახელმწიფო - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები

დიუშენის მქონე ბავშვებისთვის წამლების შემოტანის მოთხოვნით აქციები გრძელდება. ფოტო არქივიდან.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა 28 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე კვლავ გადაუხადეს მადლობა საზოგადოებას ₾1,7 მლნ-მდე ლარის შეგროვებისათვის და განაცხადეს, რომ „ბრძოლა“ - რაც უფრო მასშტაბურ ფინანსურ რესურსებს უკავშირდება მედიკამენტების შესასყიდად - გრძელდება.

მათ ასევე მოუწოდეს ჯანდაცვის სამინისტროსა და პირადად მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს, გააცნონ, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ შესაბამისი მედიკამენტების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობის მიმართულებით, ძვირადღირებული წამლების შემოტანის მიზნით.

აქცია 28 მაისს. უწყვეტი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 38-ე დღეა გრძელდება.

„ბრძოლა გრძელდება“

„ის, რომ ჩვენ საზოგადოება დაგვიდგა გვერდში, ბუნებრივია, ეს ძალიან კარგია, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა“, - განაცხადა 28 მაისს მთავრობის კანცელარიასთან ერთ-ერთმა მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა.

რამდენიმე დღის წინ სტუდენტური ინიციატივის, „დაიცავი ილიაუნის“ ორგანიზებით საქართველოში შეგროვდა ფული დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად. შეგროვდა 1,67 მილიონ ლარზე მეტი.

Your browser doesn’t support HTML5

დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ

„ეს პრობლემა, რაც იყო კრიტიკულად აუცილებელი და არ გვარდებოდა, მოგვარდა. უღრმესი მადლობა ყველას, მაგრამ ბრძოლა გრძელდება“, - თქვა გვიშიანმა.

იგი საუბრობდა სხვადასხვა სპეციალურ საჭიროებაზე, რისთვისაც შეგროვებული თანხა დაიხარჯება.

ასევე ნახეთ

"დაიცავი ილიაუნის” ინიციატივა ხალხის მარათონად იქცა - ვინ როგორ უჭერს მხარს დიუშენის მქონე ბავშვებს

„საჭიროებები უზრუნველყოფილი არ ყოფილა“

„იმ ფონზე, როდესაც გადართული უნდა იყონ ამ საკითხის მოგვარებაზე და აქტიურად უნდა მუშაობდნენ ფარმაცევტულ კომპანიებთან, ჩვენთანაც, მშობლებთანაც, ამის ნაცვლად ჩვენ გვესმის ისევ და ისევ პროპაგანდა, რომ თითქოს საჭიროებები იყო უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

„ვერცერთ მტკიცებულებას ჯანდაცვის სამინისტრო ვერ წარმოადგენს - ვერც ადაპტირებულ საწოლზე, ვერც ეტლზე, ვერც სასუნთქ აპარატზე, შესაბამის გენერატორებსა თუ სხვა საჭიროებებზე, რომ უზრუნველყოფილი იყო“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

როგორ ამოიღო ხალხმა ჯიბიდან თითქმის ნახევარი მილიონი დიუშენის მქონე ბავშვებისთვის

მან თქვა, რომ მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა თუ არა ჯანდაცვის მინისტრს კომუნიკაცია წამლებთან დაკავშირებით რომელიმე საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან.

„პასუხი არის ერთი, რომ არ ჰქონდა არცერთ ფარმაცევტულ კომპანიასთან კომუნიკაცია“, - თქვა მან.

„ამ პერიოდშიც, ამ 38 დღის განმავლობაში დამძიმდა ბავშვების მდგომარეობა“, - განაცხადა მან.

„დღეს უკვე 38-ე დღეა, რაც მშობლები აქ ვიმყოფებით. ფაქტობრივად, არავინ არ მოსულა ჩვენთან და არავის არ უთქვამს არც კანცელარიიდან, არც პარლამენტიდან, არც ჯანდაცვის სამინისტროდან, თუ რა ხდება და მიდის თუ არა ამ საკითხზე მუშაობა“, - განაცხადა გვიშიანმა.

ასევე ნახეთ

“თუ ბავშვები გადარდებს, წამალს ნუღარ გადადებ” - მსვლელობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად

„გვაჩვენონ, რა კეთდება“

„ჩვენი დღევანდელი გამოსვლა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან მოვითხოვთ მყისიერ და დროულ პასუხს. ჩაგვაბარონ ანგარიში, რას აკეთებენ, რა პროცესები მიდის ჯანდაცვის სამინისტროში“, - განაცხადა კიდევ ერთმა მშობელმა, თაკო გოგალაძემ.

მისი თქმით, 27 მაისსაც მოისმინეს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძისგან, „რომ თითქოს რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობენ, მაგრამ ჩვენ 38 დღე აქ დავკარგეთ და კიდევ ვაგრძელებთ აქ დგომას“.

„დაგვიკავშირდეს მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო და წარმოგვიდგინოს გეგმა, ამ ეტაპზე ვისთან თანამშრომლობენ, რას აკეთებენ, რა ნაბიჯებს დგამენ“, - განაცხადა მან.

„დედები არიან უკიდურეს ზღვარზე. რომელიმე ბავშვი ამ პერიოდში კიდევ რომ გაგვირთულდეს, პასუხისმგებელი იქნება ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, სჯობს რეალურად, დროულად გვაჩვენონ, საქმე სად არის და როგორ კეთდება“, - განაცხადა თაკო გოგალაძემ.

Your browser doesn’t support HTML5

„ჩემი შვილი იყოს ბოლო“

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახები, უკვე წელიწად-ნახევარია, საჭირო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ;
  • მათ ვერც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მიზანს ვერ მიაღწიეს. სახელმწიფოს პასუხია, რომ საჭირო წამლებს ვერ შემოიტანენ, რადგან - ამ მედიკამენტებს არ ენდობიან.
  • „მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 19 მაისს.

ასევე ნახეთ

რატომ ვერ ეღირება 300 დოლარი დიუშენის წამალი?