ლატვიის პარლამენტმა 28 მაისს ახალი მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა აირჩია მას შემდეგ, რაც წინა კოალიცია რამდენიმე კვირის წინ დაიშალა ქვეყანაში უკრაინული დრონების შემოფრენის ინციდენტების გამო.
100-დან 66 დეპუტატის ხმების უმრავლესობით, სეიმმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა 47 წლის ცენტრისტი, ანდრის კულბერგსი, რომელიც ლატვიის კაბინეტს 3 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.
ევიკა სილინიამ მთავრობის მეთაურის თანამდებობა 14 მაისს დატოვა, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მისი პარტიის - რომელიც კოალიციაში სილინიას მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა - მხარდაჭერა დაკარგა.
სილინიამ სამხედრო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ანდრის სპრუდსი, იმაში დაადანაშაულა, რომ მან საკმარისად სწრაფად არ აამოქმედა უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო საშუალებები, რათა ხელი შეეშალა იმისთვის, რომ ორ უკრაინულ დრონს ლატვიის ტერიტორიაზე შეეღწია.
დრონებისგან მიყენებული ზიანი მინიმალური იყო, თუმცა ფართო შეშფოთება გამოიწვია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ამჟამად ნატოს და ევროკავშირის წევრია. „მთავრობის მოვალეობაა, უზრუნველყოს ლატვიის უსაფრთხოება ფართო გაგებით. ეს ნიშნავს სახელმწიფოს საგარეო უსაფრთხოების, ეკონომიკური უსაფრთხოების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ხალხის უსაფრთხოების განცდის გარანტირებას საკუთარ ქვეყანაში“, - განაცხადა ანდრის კულბერგსმა სეიმში კენჭისყრის დაწყებამდე გამოსვლისას.
ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნა არაერთმა მინისტრმა, ასევე სეიმის სპიკერმაც. თავდაცვის მინისტრი გახდა რაივის მელნისი. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ტრანსპორტის მინისტრად დაინიშნა.
ლატვიაში, ასევე ესტონეთსა და ლიეტუვაში, ბოლო დროს რამდენიმე დრონი ჩამოვარდა. უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ დრონების ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე შეღწევა რუსული რადიოელექტრონული ომის (EW) სისტემების მოქმედების გამო ხდება. ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც ასევე რუსეთი დაადანაშაულეს უკრაინული დრონების სამიზნის განზრახ შეცვლაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა შეთავაზება ლატვიაში ექსპერტების გაგზავნის შესახებ, მათთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარების მიზნით.
ლატვიის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
ახალი პრემიერ-მინისტრი, ანდრის კულბერგსი, მილოცვებს იღებს ევიკა სილინიასგან. რიგა. 28 მაისი, 2026 წელი