სააკაშვილი-მელიას ვირტუალურ დაპირისპირებას პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოჰყვა

მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას (ამჟამად „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი) შორის არსებულ ვირტუალურ დაპირისპირებას ეხმაურებიან პოლიტიკოსები ოპოზიციაშიც და მმართველ გუნდშიც.

„მიხეილ სააკაშვილზე ეს გამოხმაურებები და თავდასხმები მახსენებს ქართულ ლექსს, „აგიაშვილსა ნიკასო არ ყვარებია პიკასო, გადარეულა პიკასო, რა დავუშავე ნიკასო“. მართლა ამ ლექსს მახსენებს ქართველი პოლიტიკოსების თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე“ - ასე გამოეხმაურა პარტია „ ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ირაკლი ფავლენიშვილი ნიკა მელიას მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს მიხეილ სააკაშვილზე და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არავის ებრძვის, მას სხვა მიზნები აქვს და „არავისზე არ ეჭვიანობს“.

მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე, როგორ უნდა გააკეთოს „ოპოზიციურმა ალიანსმა“ არჩევანი ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, ფავლენიშვილმა თქვა, რომ ეს არჩევანი არ არსებობს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილის კომპლექსიდან ვერ გამოვიდნენ და მუდმივად სწორება აქვთ მიხეილ სააკაშვილზე. აჯობებს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც, კონცენტრირდნენ ივანიშვილთან ბრძოლაზე და არა იმ კაცზე, რომელიც ხუთი წელია, პატიმრობაშია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი წევრი, ანა წითლიძე კი დაინტერესდა, იზიარებს თუ არა სააკაშვილისადმი ნიკა მელიას კრიტიკულ პოზიციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.

„მელიასთან დაკავშირებით ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო გასაგები. რთულია უყურო ადამიანის ასეთ დაცემას, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა... მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: იზიარებს თუ არა გვარამია მელიას ამ პოსტის შინაარსს და მის მორიგ მუცლითმეზღაპრეობას მიშასთან დაკავშირებით?“

ასევე ნახეთ

პატიმრობაში მყოფი მელია და სააკაშვილი დაპირისპირებას აგრძელებენ

29 მაისს, ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც წერდა, რომ სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი კი არა, მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსულიო“.

ამავე წერილში მელია მოუწოდებდა სააკაშვილს, დაასახელოს ის „მოღალატე“, რომლის რჩევითაც მალულად ჩამოვიდა საქართველოში 2021 წელს, - რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა, - და რომელიც სააკაშვილს ჯერ არ დაუსახელებია.

ნიკა მელიას წერილს კი წინ უსწრებდა თავად სააკაშვილის 27 მაისს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ნიკა მელია გააკრიტიკა. „მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან, გუშინდელ აქციაზე (გულისხმობს 26 მაისის მარშს) ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.

სწორედ სააკაშვილის ამ პოსტს უპასუხა 29 მაისს ნიკა მელიამ ვრცელი წერილით უპასუხა და თქვა, რომ სააკაშვილის ეს ფრაზა ტყუილი და ცილისწამება იყო.

30 მაისს, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ვირტუალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც, რომლის განცხადებით, 26 მაისს ქართველი ხალხის მიერ ალიანსისთვის გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ, მისთვის მოულოდნელი იყო უკიდურესად არასასიამოვნო, არარაციონალური და დამაზიანებელი მოვლენები, რაც ალიანსის ირგვლივ ხდება.

„ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება (რადგან სხვა სივრცე უბრალოდ არ დარჩა) და პასუხებიც. ბუნებრივია, პირად დამოკიდებულებებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მხოლოდ ამით ვერ ვიხელმძღვანელებ - მე მყავს გუნდი, მყავს კოალიციური პარტნიორები (ზოგიერთი მათგანი ციხეშია), და ასევე, პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ამიტომ სწრაფად ეს ყველაფერი ვერ გამომივა და არც ვაპირებ სიჩქარეში ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას“.

ნიკა გვარამია წერს, რომ ვინმეს გულის მოსაფხანად არაფერს გააკეთებს და არც „მორალურ თუ საინფორმაციო შტურმს დაემორჩილება“.

ამ ამბავს კომენტარები მოჰყვა „ქართულ ოცნებაშიც“ :

„მელია და სააკაშვილი არიან ერთი ჯოხის ორი ბოლო. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ შემთხვევაში არაფერი იცვლება“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, - ესენი საერთო ენას ვერ ნახავენ, რადგან ისინი ქვეყანაზე და ქართველ ხალხზე არ ფიქრობენ. ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე... ვინ იქნება ფლაგმანი და ლიდერი ამ გაერთიანების“.

ეს არ აარის მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირების პირველი ეპიზოდი.

2025 წლის 24 ნოემბერს პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, - რომელიც ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარეა, - სასამართლო სხდომაზე განაცხადა:

„ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა [მიხეილ სააკაშვილმა] ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა. ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“.

მანამდე სამი კვირით ადრე, 3 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვადასხვა დროს წასულ პოლიტიკოსებზე ისაუბრა, მათ შორის ზოგიერთი მათგანი „ფინანსურ ინტერესებში“ დაადანაშაულა.

მოგვიანებით, 2025 წლის 25 ნოემბერს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას არ გულისხმობდა, როდესაც აკრიტიკებდა ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, „ოლიგარქისგან პირდაპირ ან ირიბად იღებდა ფულს“.

ასევე ნახეთ

სააკაშვილის თქმით, მელიას არ გულისხმობდა ყოფილ თანაგუნდელებში, ვინც „ოლიგარქისგან ფულს იღებდნენ“