კანადა და უკრაინა დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალეის ჯარისკაცი უპილოტო საფრენი აპარატი "კორსარით". დონეცკის ოლქი, 22 მაისი, 2026.

კანადის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების შესახებ კანადის ტერიტორიაზე.

შესაბამისი პრესრელიზი 30 მაისს გამოქვეყნდა ორი სამინისტროს ვებსაიტებზე.

შეთანხმება ეხება ორი კომპანიის თანამშრომლობას: ესენია უკრაინის კომპანია Airlogix და უპილოტო საფრენი აპარატების კანადური მწარმოებელი Sentinel Research and Development.

„კანადისა და უკრაინის მთავრობების მხარდაჭერით ეს პარტნიორობა გააერთიანებს კომპანიების ნოუჰაუს კანადაში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოებლად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის,“ აღნიშნავს კანადის თავდაცვის სამინისტრო.

გარდა ამისა, თავდაცვის სფეროში კიევთან პარტნიორობა ოტავას ეხმარება „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების შიდა საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებაში“ და ეკონომიკური მოგება მოაქვს კანადელებისთვის.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მხარეები „გააგრძელებენ მუშაობას ერთობლივ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეესაბამება ორივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს „win-win“ პარტნიორობისა და უკრაინის თავდაცვის სტრატეგიის ფარგლებში“.

3 აპრილს კანადის მთავრობამ გამოაცხადა უკრაინისთვის დაახლოებით 39 მილიონი აშშ დოლარის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. პაკეტის უდიდესი ნაწილი განკუთვნილია ჰუმანიტარული დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების გზით. მიმღებთა შორის არიან საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი და მსოფლიო სასურსათო პროგრამა.

ასევე ნახეთ

“ერთ „შაჰედზე“ უკვე ხუთი ეკიპაჟი ნადირობს“ – როგორ შეცვალეს უკრაინულმა დრონებმა ვითარება ცაში