უნგრეთის პრეზიდენტმა უარყო მადიარის მოთხოვნა და არ ტოვებს თანამდებობას

უნგრეთის პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი. 9 ივნისი, 2024 წელი (არქივი)

უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა გადადგომაზე უარი თქვა და უარყო პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მოთხოვნა, თანამდებობა 31 მაისამდე დაეტოვებინა.

მადიარი 9 მაისს გახდა უნგრეთის პრემიერი, აპრილის არჩევნებში თავისი პარტიის, „ტისას“ გამარჯვების შედეგად. ვიქტორ ორბანისა და მისი პარტიის, „ფიდესის“ 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ოპოზიცია უნგრეთში პირველად მოვიდა ხელისუფლებაში.

შუიოკი უნგრეთის პრეზიდენტი 2024 წელს გახდა, მმართველი პარტიის მხარდაჭერით. მადიარი მას ორბანის პროტეჟეს და მის მარიონეტს უწოდებს.

1 ივნისს, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მადიარმა განაცხადა, რომ თუ შუიოკი კვლავ უარს იტყვის გადადგომაზე, მთავრობა სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებს მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზნით. მისი თქმით, პარლამენტი, რომელშიც ამჟამად „ტისა“ კონსტიტუციურ უმრავლესობას ფლობს, აიძულებს გადადგომას არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ორბანის სხვა „მარიონეტებსაც“, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. მადიარის თქმით, პრეზიდენტი არ არის გამაერთიანებელი ფიგურა და არ წარმოადგენს ყველა უნგრელის ინტერესებს.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, შუიოკმა თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნას აპირებს სრული ვადით, 2029 წლამდე. მას მხარი დაუჭირა პარტია „ფიდესმა“, რომელმაც მადიარი „უკანონო ულტიმატუმში“ დაადანაშაულა.

ასევე ნახეთ

უნგრეთმა გააუქმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება პარლამენტში მარტივი კენჭისყრით შეუძლებელია. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა გზას აირჩევენ მადიარის მხარდამჭერები. მათ, სავარაუდოდ, კონსტიტუციური კანონმდებლობის შეცვლა მოუწევთ.

უნგრეთში პრეზიდენტს, ძირითადად, ცერემონიალური უფლებამოსილებები აქვს, მაგრამ მას აქვს ვეტოს და საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რამაც შეიძლება კანონპროექტების მიღება შეანელოს.

ასევე ნახეთ

პეტერ მადიარი ოფიციალურად გახდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი