„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ნაღდი ფულის სახით 300 000 დოლარს ინახავს, რაც 800 000 ლარზე მეტია. ამის შესახებ მან ჩაწერა 31 მარტს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც საჯარო რამდენიმე დღის წინ გახდა.
მილიონერ დეპუტატს ეკუთვნის 10-ზე მეტი ბინა თბილისში, ბათუმში, ჩაქვსა და ბაკურიანში. მის სახელზე რეგისტრირებულია რამდენიმე მიწის ნაკვეთი და ორი მსუბუქი ავტომობილი. მასვე ეკუთვნის 2012, 2019 და 2021 წლებში შეძენილი ფასიანი ქაღალდები.
ვასილ ჩიგოგიძის დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პარლამენტიდან მიღებული ხელფასი იყო, რაც 112 688 ლარია.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მის საბანკო ანგარიშზე იყო 40 ათას ლარამდე და 14 ათას დოლარამდე თანხა.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არაერთი მილიონერი დეპუტატი ჰყავს, თუმცა არა მხოლოდ ისინი, არამედ მინისტრების ნაწილი და ოპოზიციაც თანხის შენახვას „ქეშად“ ამჯობინებს.
წაიკითხეთ რადიო თავისუფლების სტატია, თუ რატომ ინახავენ ისინი დანაზოგს ასე.