საკონსტიტუციო სარჩელის გამოტანა უსამართლობის გაგრძელება იქნებოდა - კობახიძე აშშ-სთან მოლაპარაკებებზე

ფოტოზე: ირაკლი კობახიძე ამერიკულ დელეგაციას ხვდება.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებული „უსამართლობის გაგრძელება“ იქნებოდა ვაშინგტონის მოთხოვნა, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოიტანოს სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.

ირაკლი კობახიძემ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა „2020-24 წლებში“ „საბოტაჟის“ ხელშეწყობაში და თქვა: „რაც გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია“.

3 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე ახსენა ბოლოდროინდელი საუბრები სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან, - რომელმაც გასულ კვირაში გამართა შეხვედრები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, - და თქვა:

„ჩვენ გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ეს დისკუსია განვაგრძოთ“.

ასევე ნახეთ

იმედია, შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა - რუბიო

„იქნებოდა უსამართლობის გაგრძელება“

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სარჩელს ეხებოდა, პრემიერმა განაცხადა:

„ჩვენს აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან“.

მისივე თქმით, „ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში“.

„როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს შესაბამის სამართლებრივ პროცესსა და სამართლებრივ პროცედურებს, ეს იქნებოდა ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა“, - განაცხადა კობახიძემ.

„სამართლის უზენაესობის პატივისცემა არის სამართლიანობის ერთ-ერთი გამოხატულება“, - დასძინა მან.

ამერიკული დელეგაცია თბილისში

25-28 მაისს თბილისში ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართეს:

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორმა, პიტერ ანდრეოლიმ;
  • თანაშემწემ საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატიდან - ჩარლზ იოკიმ.

ვიზიტის შემდეგ, შემაჯამებელი განცხადება აშშ-ის საელჩომ 1 ივნისს ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.

რა ითქვა პირდაპირ და რა ჩანს სტრიქონებს შორის - საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებამ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან მაისში გამართულ შეხვედრებს მოჰყვა.

ასევე ნახეთ

"სუფთა ფურცლიდან" თუ კონკრეტული პირობებით? - როგორ გაიგეს საქართველოში აშშ-ის დელეგაციის გზავნილები