რუსეთის ეკლესიამ ბრაზილიაში გაგზავნა მიტროპოლიტი ილარიონი, რომლის მიმართაც ჩეხეთში გამოძიება მიმდინარეობს

მიტროპოლიტი ილარიონი. ბუდაპეშტი, 2 სექტემბერი, 2021.

მოსკოვის საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტ ილარიონს „ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია მსახურება კარლოვი ვარიში, ჩეხეთის რესპუბლიკაში“ და ამიტომ ამჟამად იგზავნება „სამხრეთ ამერიკის ეპარქიაში“.

სამხრეთ ამერიკის ეპარქია (ესპანურად: Diócesis de Sudamérica) არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია სამხრეთ ამერიკაში, ნომინალური კათედრა კი ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მდებარეობს. თუმცა, მმართველი ეპისკოპოსის ფაქტობრივი რეზიდენცია არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესიაშია.

„თქვენ განსაზღვრული გაქვთ წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესია სანტა-როზაში, ბრაზილიაში და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია კამპინა-დას-მისოინსში, ბრაზილიაში, სადაც უნდა იცხოვროთ“, ნათქვამია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სპეციალურ განკარგულებაში.

30 მაისს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი (საერო სახელი გრიგორი ალფეევი) რუსეთში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ჩეხეთში ნარკოტიკების შენახვის ეჭვის გამო დააკავეს. 24 მაისს ჩეხეთის პოლიციამ ილარიონი და მისი მძღოლი დააკავა მას შემდეგ, რაც მათ მანქანაში თეთრი ნივთიერების შემცველი კონტეინერები იპოვეს. ორი დღის შემდეგ ორივე გაათავისუფლეს ბრალდების წაუყენებლად, თუმცა გამოძიება გრძელდება. მიტროპოლიტის ტელეგრამის არხმა ადრე დაადასტურა, რომ მანქანაში აკრძალული ნივთიერება იპოვეს.

ილარიონი უარყოფს ნარკოტიკების უკანონო შენახვაში მონაწილეობას. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მან ანონიმური მუქარა მიიღო, რომლითაც მოითხოვდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში მსახურების ადგილის დატოვებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტს „დადგმული პროვოკაცია“ უწოდა და ჩეხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებული ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.

2009 წლიდან 2022 წლამდე ილარიონი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი იყო. 2022 წელს იგი ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტად დაინიშნა, თუმცა 2024 წელს, სექსუალური შევიწროების თაობაზე მისი ყოფილი მორჩილის, გეორგი სუზუკის მიერ წაყენებული ბრალდებების შემდეგ, იგი კარლოვი-ვარის მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურებისთვის გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ

შეკვრა და ქილა: რა მოუვიდა მიტროპოლიტ ილარიონს ჩეხეთის რესპუბლიკაში?