შსს-მ მესტიაში 6 ადგილიდან 148 ე.წ. კრიპტომაინერი ამოიღო

საილუსტაციო ფოტოკოლაჟი

პოლიციამ მესტიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 148 ე.წ. მაინერი ამოიღო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 6 ადგილას აღმოაჩინეს კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.

"მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება გრძელდება აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ელექტრორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევა ისეთი საშუალების გამოყენებით, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. დანაშაული 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

რა ხდება

მთავრობამ საქართველოში, მათ შორის მესტიის მუნიციპალიტეტში, „უკანონო კრიპტომაინინგის“ წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარე კვირის დასაწყისში დააანონსა და ითქვა, რომ პირველ ეტაპზე, დაგეგმილია მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანება.

  • ამ საკითხზე, - რაც ქსელების გადატვირთვასა და მიწოდების შეფერხებას იწვევს, მათ შორის ზამთარში, - მრავალი წელია, ადგილობრივების ნაწილი ჩივის. რადიო თავისუფლება ამაზე 2020 წელს წერდა.
  • 2021 წელს მესტიელების ნაწილმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხატზე დაიფიცა, რომ ელექტროენერგიას აღარ გამოიყენებენ მაინერების ასამუშავებლად;
  • სემეკის თავმჯდომარე ჯერ კიდევ 2021 წელს აცხადებდა, რომ სვანეთში - სადაც მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, - „უკანონო მაინერები უნდა გაითიშოს“ და „ყველამ გადაიხადოს“ ელექტროენერგიის საფასური.
  • არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი წლებია ხელისუფლებას მოუწოდებს სვანეთში კრიპტოვალუტების მოპოვების აღრიცხვისკენ, - ელექტროენერგიის სადენების გადამოწმების გზით, - და გამოვლენილი პირებისთვის დენის გარკვეული ტარიფებით გადახდის დავალდებულებისკენ.

Your browser doesn’t support HTML5

ფ. 2.20: კრიპტოვალუტა - ციფრული აქტივები

ასევე ნახეთ

წლების შემდეგ მთავრობა მესტიაში „კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ბრძოლას“ აანონსებს


„ქმედითი ნაბიჯები“

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 1 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა:

„საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს“.

გამრიცხველიანება და ტარიფი „მაინერებისთვის“

მამუკა მდინარაძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება მესტიის მუნიციპალიტეტის „გამრიცხველიანება“ - ანუ ელექტროენერგიის მრიცხველების დაყენება ყოველი მომხმარებლისათვის, რაც დღემდე არ არსებულა.

„პიკს მიაღწია“

2026 წლის იანვარში მესტიის მერია აცხადებდა, რომ „მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც კრიპტომაინინგის უკონტროლო საქმიანობას უკავშირდება, უკიდურესად გამწვავდა და პიკს მიაღწია“.

თუმცა ეს პრობლემა არახალია. 2020 წლის 20 თებერვალს რადიო თავისუფლება წერდა:

  • „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან [2019 წელს] სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა.
  • კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა“.

კრიპტოვალუტის მწარმოებლებისთვის მიმზიდველია ის გარემოება, რომ, ედუარდ შევარდნაძის განკარგულების თანახმად, სვანეთში მოსახლეობისთვის დენი უფასოა, ელექტროენერგიის გადასახადს კი მხოლოდ მეწარმეები იხდიან. „მაინერები“ კი მეწარმეებად არ რეგისტრირდებიან.

„საბოლოო ჯამში, ყველამ [მოსახლეობამაც] უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური“, - აცხადებდა მაშინ ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ნათია თურნავა.

იმავე პერიოდში სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია კი ამბობდა:

  • „ვინც უკანონოდ არის მიერთებული, მათ შორის, მაინინგი, უნდა ჩაიხსნას ქსელიდან;
  • მათ მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული ზომები უნდა გატარდეს... თუ მაინინგი გადაიხდის ჩვენ მიერ დადგენილ საფასურსა და ელექტროენერგიის ტარიფს, მათ შეეძლებათ საქმიანობის გაგრძელება“.