"რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ მოგვიანებით" - კობახიძე რუბიოს განცხადების პასუხად

ირაკლი კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე დღეს, 4 ივნისს, მედიის შესაბამისი შეკითხვების პასუხად გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების შესახებ.

კობახიძემ კვლავ გაიმეორა მანამდე არაერთგზის ნათქვამი, რომ "ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან", რომ მზად არის აშშ-სთან ურთიერთობა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული ორმხრივი გზამკვლევით, რომ მოელის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას და რომ "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს". კობახიძის თანახმად, "რამაც გააფუჭა ურთიერთობები გასული წლების განმავლობაში, ეს იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა".

"დღეს ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის შეცვლილი, რაც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება ამერიკული მხარისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე ყოფნისას.

კობახიძის თანახმად, "დანარჩენი არის დამოკიდებული შემდგომ მოლაპარაკებაზე".

"არაფრის დაპირებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ პრინციპის დონეზე... ერთადერთ რამეზე, რომ მიდგომები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. დაპირებებზე საუბარიც არასწორია".

მისი თქმით, მზად არიან განიხილონ „ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან".

რაც შეეხება შეკითხვას, რომლითაც მარკო რუბიოს მიერ ნახსენები "ტრაექტორიის" შეფასება სთხოვეს, კობახიძემ იკითხა, "სადაური ტრაექტორია გვაქვს ჩვენ?" მისი სიტყვებით, "ჩინეთთან თვითონ საუბრობს ამერიკული ადმინისტრაცია, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის".

როგორც მარკო რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვის პასუხისას აღნიშნა, მათ ჰკითხეს, „რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის? ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ განვითარებას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობისა, არამედ მათი ქცევისა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

კობახიძემ მედიის მიერ რუბიოს არ განცხადების შეფასებისას თქვა, რომ "არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ”.

მისი სიტყვებით, ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით რაღაც თქვას, მაგრამ "ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს".

"საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაფუჭებაში კვლავ აშშ-ის წინა ადმინისტრაციას დასდო ბრალი, შეკითხვაზე პასუხისას კი, თუ რა სურს ამჟამინდელ ადმინისტრაციას, თქვა:

"თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში დემოკრატიის ხელყოფას, სამართლის უზენაესობის ხელყოფას, ამას თქვენ ვერ ნახავთ. რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ თქვენ მოგვიანებით".

"რაც მამას უნდა" - ციტატაა ირაკლი დეისაძის სიმღერიდან, რომელიც 2014 წელს დაიწერა და მალევე ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. როგორც თავადად ავტორი განმარტავდა, სიმღერის აზრი მამის კულტთან ბრძოლაა, რითაც საბოლოოდ პროგრესი მიიღწევა. მუსიკალურმა კომპოზიციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - მას კრიტიკისა და მხარდაჭერის ტალღა მოჰყვა.


იმედია, შეიცვლება „ქცევა“ - რა თქვა მარკო რუბიომ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალურ თბილისთან ვაშინგტონის ბოლოდროინდელი კომუნიკაციის შედეგად შეიცვლება არა მხოლოდ ამერიკულ-ქართული ურთიერთობები, არამედ თბილისის „ქცევა“.

3 ივნისს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ერთ-ერთი შეკითხვა დაუსვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„ცხადია, ჩვენ გვესმის ყველაფერი, რაც ახლახან აღწერეთ, - ეს ჩვენთვის წინასწარ არსებული პრობლემები. მათ გვკითხეს, „რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის?“

ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ განვითარებას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობისა, არამედ მათი ქცევისა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

კონგრესმენმა ჯო უილსონმა კითხვის ფორმულირებაში საქართველოს ხელისუფლება აღწერა, როგორც „პროირანული რეჟიმი, რომელიც მხარდაჭერილია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ“ და „არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას“.

ასევე ნახეთ

იმედია, შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა - რუბიო


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში

25-28 მაისს თბილისში ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართეს

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორმა, პიტერ ანდრეოლიმ;
  • თანაშემწემ საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატიდან - ჩარლზ იოკიმ.

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ შემაჯამებელ განცხადებაში 1 ივნისს, სხვა საკითხებთან ერთად, დაწერა:

  • „მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას“;
  • „დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში“;
  • „შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს“.

ასევე ნახეთ

"სუფთა ფურცლიდან" თუ კონკრეტული პირობებით? - როგორ გაიგეს საქართველოში აშშ-ის დელეგაციის გზავნილები