უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთმა 20-ჯერ გაზარდა „პატრიოტული აღზრდის“ დაფინანსება

„დიდ სამამულო ომში" გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის, „გამარჯვების ფანჯრის" ფარგლებში ბავშვის მიერ მორთული ფანჯარა. მოსკოვი(საარქივო ფოტო)

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთმა თავისი მოქალაქეების „პატრიოტული აღზრდისკენ“ მიმართული დაფინანსება ოცჯერ გაზარდა.

გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“ დათვალა, რომ თუ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რუსეთი ამ მიზნით 3,4 მილიარდ რუბლს ხარჯავდა, 2026 წელს თანხა 70 მილიარდ რუბლს შეადგენს. ეს საერთო დაფინანსებაა ფედერალური პროექტის, „ჩვენ ერთად ვართ“, რომელიც ნაციონალური პროექტის, „ახალგაზრდობა და ბავშვები“ ფარგლებში ხორციელდება.

გამოცემამ შეისწავლა რუსეთის ხელისუფლების მიერ „პატრიოტული საჭიროებების“ საბაბით 2025-2026 წლებში გაფორმებული ათასზე მეტი კონტრაქტი. საბიუჯეტო თანხა იხარჯება გასამხედროებული ახალგაზრდული შეკრებებისა და ფესტივალებისთვის, საბავშვო ბანაკებისთვის, კონცერტებისთვის, სერიალებისა და ვიდეორგოლების გადასაღებად, სასროლეთის ინვენტარის შესაძენად და ა.შ.

მაგალითად, პარკმა „პატრიოტმა“ სასწავლო-სპორტული სროლისთვის საჭირო 4 მილიონი ტყვია შეიძინა და ამ მიზნით 2025-2026 წლებში 94 მილიონი რუბლი დაიხარჯა.

ასევე ნახეთ

პატრიოტული თამაშები რუსეთში - "როგორ ამზადებენ არარაობები ომისთვის ბავშვებს"

ნოვოსიბირსკში და ლენინგრადის ოლქში, საერთო ჯამში, 3,5 მილიონი რუბლი დახარჯეს ავტომატ „კალაშნიკოვის“ მაკეტების შესაძენად, ლიპეცკის ოლქში კი თითქმის მილიონ რუბლად იყიდეს გასაბერი „კატიუშა“(მეორე მსოფლიო ომის პერიოდის რეაქტიული არტილერიის არაოფიციალური სახელი). ასტრახანში ნახევარ მილიონად „სიმამაცის გაკვეთილები“ დაუკვეთეს „ახალგაზრდობის პატრიოტული და ფიზიკური განვითარების" ადგილობრივ ორგანიზაციას და ა.შ.

როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, ჩინოვნიკები უზარმაზარ ფულს ასხამენ ფიქციაში და შედეგიც გასაბერ „კატიუშას“ ჰგავს.

გამოცემა იხსენებს, რომ როცა 2024 წელს რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა მოქალაქეებს ჰკითხა, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, პასუხები იყო, რომ სამშობლოა ოჯახი, სახლი, ოჯახისადმი სიყვარული, ახლობლებზე ზრუნვა, ადგილი, სადაც დაიბადე, საკუთარი ქალაქი, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ბავშვები, ბუნება და დედამიწა, სამშობლოს სიყვარული კი ნიშნავს იყო ღირსეული, პასუხისმგებლობიანი, პატიოსანი და ერთგული.