4 ივნისს 50 წელი შეუსრულდებოდა რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ორ წელზე მეტი ხნის წინ იამალო-ნენეცის ოლქის კოლონიაში გარდაცვლილ ალექსეი ნავალნის.
მოსკოვის მცხოვრებთ დილიდან მიაქვთ ყვავილები ნავალნის საფლავზე, ბორისოვსკის სასაფლაოზე. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, შეკრებილი ხალხი კითხულობს ლექსებს და გარდაცვლილ პოლიტიკოსს იხსენებს. სასაფლაოს თანამშრომლები იქ მისულ ადამიანებს მეტალის დეტექტორებით ამოწმებენ - წერს გამოცემა "ნოვაია გაზეტა ევროპა".
ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ თავშეყრას შეუერთდნენ პოლიტიკოსის მშობლები, ლიუდმილა და ანატოლი ნავალნებიც. პანაშვიდის შემდეგ ლიუდმილა ნავალნაია სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი ვაჟის ხსოვნას ინახავს, მიდის მის საფლავზე და ოჯახს მხარდაჭერას უწევს. "ალექსეი ყოველთვის ამბობდა: "არ დანებდეთ", - ნავალნაიას ამ სიტყვებს ავრცელებს გამოცემა RusNews-ი.
გამოცემა "ნოვაია გაზეტა ევროპას" კორესპონდენტი ატყობინებს, რომ უფაში პოლიცია დილიდან მორიგეობს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან. კაცმა, რომელმაც იქ ყვავილები და ნავალნის ფოტო მიიტანა, მემორიალი პოლიციელის თანხლებით დატოვა. მანამდე მას დოკუმენტები შეუმოწმეს. ყვავილები და ფოტო ცოტა ხნის შემდეგ აიღეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აქციები კიდევ რამდენიმე ათეულ ქალაქშია დანიშნული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია, ამბობს, რომ პოლიტიკოსის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, აუდიოწიგნის ფორმით გამოვიდა მისი მემუარები სათაურით, "პატრიოტი".
"ძალიან მინდა ამ დღემ, ოთხმა ივნისმა, შეუმჩნევლად არ ჩაიაროს. რომ ალექსეი არ დაივიწყონ. რომ თქვენც, ისევე როგორც მე, მის ყოფნას თქვენ გვერდით გრძნობდეთ - თუნდაც დღეს", - ამბობს პოლიტიკოსის ქვრივი.
ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 2024 წლის 16 თებერვალს, იამალო-ნენეცის ოლქის ნომერ მესამე გამოსასწორებელი კოლონიის კამერაში. რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ პოლიტიკოსის სიკვდილი "ბუნებრივმა მიზეზებმა" გამოიწვია.
ნავალნის თანამებრძოლები მისი სიკვდილიდან პირველივე დღეებში აცხადებდნენ, რომ ის, დიდი ალბათობით, მოკლეს - და მიუთითებდნენ, მათ შორის, ნავალნის მოწამვლის შემთხვევაზე 2020 წელს. მაშინ დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოწამლეს, ტოქსიკური ნივთიერებით "ნოვიჩოკი". დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდის ლაბორატორიებში შეისწავლეს პოლიტიკოსის ბიომასალების ნიმუშები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იგი მოკლეს სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით.
ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია, აცხადებდა, რომ პოლიტიკოსის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკისრება. ნავალნაიას თქმით, მისი ქმარი "ქიმიური იარაღით მოკლეს". კრემლში ამ ბრალდებას უარყოფენ.