ინფორმაცია შუა ხნის კაცზე ტელეგრამ-არხებზეც ვრცელდებოდა. ბოლო ორ დღეში ის ქალაქის სხვადასხვა წერტილში შენიშნეს.
ეს დიღმის მასივის ერთ-ერთ პარკში მოხდა
ერთ-ერთი რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის თანახმად, 3 ივნისს დიღმის მასივის ერთ-ერთ პარკში უცნობი კაცი მიუახლოვდა 14 წლის გოგოს და ბავშვის გვერდით მდგარმა „თავისი სასქესო ორგანოთი მოძრაობების კეთება დაიწყო“.
ამავე წყაროს თანახმად, არასრულწლოვანმა მაშინვე დაურეკა დედას, რომელიც შორიახლოს მუშაობდა, და კაცისთვის ფოტოების გადაღებაც მოახერხა.
მალევე დარეკეს 112-შიც.
ტელეგრამ-არხმა შეახსენა საზოგადოებას, რომ ყოველთვის დაურეკონ მშობლებსა და 112-ს მსგავს შემთხვევებში.
ამავე ტელეგრამ-არხის ცნობით, მსგავსი გარეგნობის კაცი შენიშნეს 4 ივნისს საბურთალოზე, კანდელაკის ქუჩაზეც, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში ნაგვის ურნაში იქექებოდა.
ასევე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანთან დიღომში.
ის დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს, საღამოს შვიდი საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს კაცი დააკავეს.
შსს-ს გავრცელებულ ფოტოზე მას სახე დაფარული აქვს, თუმცა ტანისამოსი ემთხვევა ტელეგრამზე გავრცელებულ ფოტოს, და იდენტურია გარემოებებიც.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა“, - წერს შსს.
პრესცენტრის თანახმად, მოქალაქე დააკავეს „ბრალდებულის სახით“.
მას 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს მუხლი ითვალისწინებს „ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედებას, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ“, -
- „არაერთგზის;
- ორი ან მეტი პირის მიმართ;
- დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ;
- ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით“.