სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის შემდეგ, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირის ერევანს დახმარების სახით გამოუყოფს 50 მილიონ ევროზე მეტს და გაამარტივებს ევროპის ბაზარზე წვდომას სომხეთის რიგი პროდუქციისთვის.
"სომხეთის საქონელზე საექსპორტო შეზღუდვების გაფართოებით მოსკოვი ეკონომიკურ კავშირებს იყენებს იარაღად პოლიტიკური ზეწოლისთვის. ჩვენ ეს სცენარი ძალიან კარგად ვიცით. და ევროპა ამიტომაც დგას მტკიცედ სომხეთის მხარეს" - თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
თავის მხრივ, რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსეი ოვერჩუკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, გადასინჯოს სომხეთის მხარდაჭერის ზომები, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში - იმ შემთხვევაში, თუ ერევანი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოების კურსს.
"ჩვენ არ შეგვიძლია განვახორციელოთ იმ ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. რატომ უნდა მივცეთ ფული მათ, ვინც ხვალ, შესაძლოა, ჩვენთან ომში იყოს?" - თქვა ოვერჩუკმა "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, მოსკოვის სამომავლო გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება მათ შორის სომხეთში 7 ივნისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგზე. თუ გამარჯვებას პროევროპული ძალები მოიპოვებენ, რუსეთი აპირებს საპასუხო ზომების განხილვას. ოვერჩუკის თქმით, სომხეთი ამჟამად უპირატესობით სარგებლობს ევრაზიული კავშირის წევრობით - მათ შორის დაუბეგრავი ვაჭრობით, რუსეთის ბაზარზე წვდომით, ენერგორესურსებზე შეღავათიანი ფასებით და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებით.
ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში შესამჩნევად გაუარესდა. რუსეთი ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებას ადანაშაულებს პროდასავლური კურსის ქონაში, ხოლო სომხეთმა გაააქტიურა კონტაქტები ევროკავშირთან. რუსეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა სომხეთის რიგ პროდუქციას - მათ შორის ყვავილებს, მინერალურ წყალს, ბოსტნეულს, ხილსა და თევზს.
რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი ახლახან გამოვიდნენ მოწოდებით, რომ სომხეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ ან ევრაზიული კავშირის წევრად დარჩენა, ან ევროკავშირში გაწევრიანების კურსი.
ფაშინიანი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას მერე, რაც ერევანი ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურად შეიტანს განაცხადს.