ორივე შესწორება, რომლის ინიციატორი MEGOBARI აქტის პროექტის თანაავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონია, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 4 ივნისს დაამტკიცა.
შეშფოთება "პოლიტიკურ პატიმრებად ფართოდ აღიარებულ" აქტივისტებისა და პოლიტიკოსების გამო
"კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოში გრძელდება ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტების და პოლიტიკურ პატიმრებად ფართოდ აღიარებული სხვა პირების დაკავებები და პატიმრობა და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა დაისვას სისტემატურად, შესაბამის მაღალ დონეებზე, ორმხრივ კავშირებში საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან."- წერია ერთ-ერთ შესწორებაში.
კომიტეტი თავდაცვის მინისტრს ავალებს არასაიდუმლო ანგარიში შეიტანოს [წარმომადგენელთა] პალატაში "არაუგვიანეს 2026 წლის 26 ოქტომბრისა, და დეტალურად აღწეროს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგია პოლიტიკური პატიმრების საკითხის ჩართვაზე საქართველოსთან სამხედროდან-სამხედრო სფეროში თანამშრომლობისას".
რუსეთისა და ჩინეთის მავნე ზეგავლენა
საქართველოს შესახებ შეტანილი მეორე შესწორება თავდაცვის მინისტრს ავალებს ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, აქტის (NDAA) ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო უჯრედების შესახებ.
ეს შესწორებები, რომლებიც უკვე მიიღო წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა, ასახავს ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას როგორც თბილისის პოლიტიკური ტრაექტორიის, ისე კავკასიაში ჩინეთის როლის თაობაზე.
ასევე ნახეთ
იმედია, შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა - რუბიორა არის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) აშშ-ის ყოველწლიური კანონპროექტია, რომელიც განსაზღვრავს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტს, თავდაცვის პოლიტიკას და სამხედრო პრიორიტეტებს.
აქტი გარდა შეიარაღებული ძალების დაფინანსების, სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურების, სამხედრო ტექნიკის შესყიდვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამებისა, ხშირად ეხება გლობალურ საკითხებს, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების, მაგალითად უკრაინისა და საქართველოს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას.
საქართველოს შესახებ NDAA-ში ჩანაწერები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩნდება და იქ გამოხატული იყო:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა;
- რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის დაგმობა;
- აშშ–საქართველოს თავდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერება;
- საქართველოს სამხედრო ძალების მომზადებისა და აღჭურვის პროგრამების მხარდაჭერა;
- შავი ზღვის უსაფრთხოება და რუსეთის შეკავება;
- ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა.
სამხრეთკაროლინელ კონგრესმენს, ჯო უილსონს გასულ წელს სურდა მისი და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული MEGOBARI აქტი ჩაერთო აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, თუმცა ეს არ მოხერხდა.
MEGOBARI
MEGOBARI აქტის კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, თუმცა პარალელურად ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის "ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სტაბილურობას უთხრის ძირს".
სიტყვა MEGOBARI ინგლისური დასახელების აკრონიმია - Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act და ქართულად ითარგმნება როგორც: „საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად“
MEGOBARI აქტის კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის 9 მაისს 80%-იანი ორპარტიული მხარდაჭერით, 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მისი ძალაში შესვლისთვის საჭირო იყო სენატის მხარდაჭერაც, რაც ვერ მოხერხდა.
ასევე ნახეთ
Hill-ი: Frontera-ს დამფუძნებელი „ოცნების“ სასარგებლოდ ლობირებას აგრძელებს. „ოცნება“: „ლობირება არ გვჭირდება“უილსონმა და კოენმა - რომლებიც "ჰელსინკის კომისიის" წევრები არიან - შემდეგ შეიმუშავეს კანონპროექტი სათაურით „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“.
რა გზა უნდა გაიაროს ახალმა შესწორებებმა საქართველოს შესახებ საბოლოო მიღებამდე?
წარმომადგენელთა პალატისა შეიარაღებული ძალების კომიტეტის პროექტის თანმდევად საკუთარი ვერსია უნდა მიიღოს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა.
შემდეგ ორივე პალატის ვერსიები გაერთიანდება და შემუშავდება კომპრომისული ტექსტი
საბოლოოდ, შეთანხმებულ დოკუმენტს კენჭს უყრიან როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.