წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტი

აშშ-ის კონგრესის შენობა ვაშინგტონში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ერთი მუხლი ეხება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მხარდაჭერასაც.

კენჭისყრა 4 ივნისს ჩატარდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 226-მა წევრმა. 195 წინააღმდეგი იყო. დემოკრატებმა თანაპარტიელი კონგრესმენის, გრეგორი მიკსის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღება შეძლეს 18 რესპუბლიკელის და ერთი დამოუკიდებელი კონგრესმენის მხარდაჭერით.

კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად 8 მილიარდი დოლარის გამოყოფას, რუსეთისთვის სანქციების გაფართოებას, მათ შორის მსხვილი ბანკებისა და ნავთობის და სამთომომპოვებელი კომპანიების და რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ და იმპორტირებული რუსული პროდუქციის 500%-ით დაბეგვრას.

CNN-ის ინფორმირებული წყაროს ცნობით, კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ჩატარებულ დახურულ სხდომაზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი თანაპარტიელებს მოუწოდებდა, კანონპროექტისთვის ხმა არ მიეცათ, რადგან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა ჰქონდეს სივრცე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

დემოკრატები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის უარყოფა შეასუსტებს მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის პოზიციებს.

კანონპროექტს კენჭი უნდა ეყაროს სენატშიც, რომლის უმრავლესობაშიც რესპუბლიკელები არიან. ამერიკული მედიის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სენატი კანონპროექტს მიიღებს.

ასევე ნახეთ

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში ორი შესწორება შედის საქართველოს შესახებ

რა წერია კანონპროექტში რადიო თავისუფლების შესახებ

უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ 4 ივნისს მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას სხვა საჭიროებებისთვისაც, მათ შორის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მხარდასაჭერად.

  • მედიაკორპორაციას ფინანსური პრობლემები შეექმნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში და კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის მისაღებად სასამართლოში ბრძოლა მოუწია.

კონგრესმენ მიკსის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების(RFE/RL) მუშაობა დაუყოვნებლივ და სრული მოცულობით უნდა აღდგეს.

RFE/RL სანდო ინფორმაციის წყაროა უკრაინაში და სხვა ქვეყნებში, სადაც მედიის თავისუფლება შეზღუდულია. არ ექვემდებარება ცენზურას. დამოუკიდებელი ახალი ამბებისა და რეპორტაჟების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა აუდიტორიისთვის რუსეთის პერიფერიებზე.

რუსეთის მთავრობა სისტემატურად დევნის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს. ზეწოლის მიუხედავად, რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებში RFE/RL-ის აუდიტორია იზრდება. 2026 წლის დაფინანსებად განსაზღვრულია 250 მილიონი დოლარი.

RFE/RL-ს უნდა ჰქონდეს ახალი ბიუროების გახსნის განხილვის შესაძლებლობა, რათა გაფართოვდეს აუდიტორიის მოცვა რუსეთის პერიფერიებზე. შეფასდეს, თუ სად არის ყველაზე მეტად გავრცელებული რუსული დეზინფორმაცია ევრაზიის რეგიონში. გაუმჯობესდეს უკრაინის ბიუროს ტექნიკური შესაძლებლობები და ა.შ.