უნგრეთის მთავრობა საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის პარასკევიდან სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, მთავრობის პრესსპიკერის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე.
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ვანდა შონდის თქმით, ეს პირველი ნაბიჯია ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შედინების გრძელვადიანი რეგულაციისკენ.
ამ გადაწყვეტილების საფუძვლად პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტია „ტისა“ ასახელებს იმას, რომ უცხოელი მუშახელის დასაქმება ამცირებს ადგილობრივთა ხელფასებს.
ოფიციალური სტატისტიკით, უცხოელი დასაქმებულები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ. უცხოელი მუშახელი ძირითადად მომსახურების სფეროშია დასაქმებული.
Reuters-ი წერს, რომ უნგრეთის მთავრობა ცვლილებას შეიტანს დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც დასაქმების სააგენტოებს ფილიპინებიდან, საქართველოდან და სომხეთიდან მუშახელის გამარტივებულად შეყვანა შეეძლოთ.
იმ დასაქმებულებს კი, რომლებიც ქვეყანაში უკვე იმყოფებიან, შეუძლიათ, ვადის გაგრძელებაზე განაცხადი შეიტანონ.
რატომ ეს სამი ქვეყანა
2025 წლიდან უნგრეთმა მნიშვნელოვნად შეზღუდა უცხოელების დასაქმების რეჟიმი და სამუშაო ბინადრობის ნებართვების მიღების უფლება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სამი ქვეყნის მოქალაქეებს დაუტოვა - საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებს.
ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებს უნგრეთში დასაქმება შეეძლოთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები უნგრეთში ფლობდნენ ორგანიზაციას ან ოფისს და იღებდნენ ვალდებულებას, უზრუნველეყოთ თავისი მოქალაქის უნგრეთიდან გაყვანა, უნგრეთისა და ევროკავშირის მიერ დადგენილი წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
საქართველოს რამდენი მოქალაქე საქმდებოდა უნგრეთში
ევროსტატის მონაცემებით, უნგრეთი წელიწადში საშუალოდ 1 200-დან 1 800-მდე ახალ პირველად ნებართვას გასცემდა საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ დასაქმების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ყველა ტიპის პირველადი ნებართვის (სწავლა, ოჯახის გაერთიანება და ა.შ.) თითქმის 75-80% სწორედ დასაქმებაზე მოდიოდა.