მოკლედ
- შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ოპერაციის შესახებ, რომლის ფარგლებშიც კრიპტომაინინგებია ამოღებული.
- პოლიცია სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების დარღვევის წესის შემთხვევების გამოვლენისას არაერთ ადგილას გადააწყდა ე.წ. კრიპტო ფერმებს - ბოლო სამ დღეში სამართალდამცველებმა 212 მაინერი ამოიღეს.
- ქართულმა ოცნებამ „უკანონო კრიპტომაინინგის“ წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარე კვირის დასაწყისში დააანონსა და ითქვა, რომ პირველ ეტაპზე, დაგეგმილია მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანება.
- სვანეთში ამ დრომდე დენის გადასახადს მოსახლეობას სახელმწიფო ასუბსიდირებს.
ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულია - სამართლის ენაზე მას ენერგორესურსებით სარგებლობის წესის დარღვევა ჰქვია. ამ დანაშაულში ბრალდებულისთვის კანონმდებლობა სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია. მაინერების ამოღების წინა ოპერაცია ორი დღის წინ, 4 ივნისს ჩატარდა.
ასევე ნახეთ
შსს-მ მესტიაში 6 ადგილიდან 148 ე.წ. კრიპტომაინერი ამოიღო2026 წლის იანვარში მესტიის მერია აცხადებდა, რომ „მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც კრიპტომაინინგის უკონტროლო საქმიანობას უკავშირდება, უკიდურესად გამწვავდა და პიკს მიაღწია“.
თუმცა ეს პრობლემა არახალია. 2020 წლის 20 თებერვალს რადიო თავისუფლება წერდა:
- „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან [2019 წელს] სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა.
- კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა“.
- 2021 წელს მესტიელების ნაწილმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხატზე დაიფიცა, რომ ელექტროენერგიას აღარ გამოიყენებენ მაინერების ასამუშავებლად;
კრიპტოვალუტის მწარმოებლებისთვის მიმზიდველია ის გარემოება, რომ, ედუარდ შევარდნაძის განკარგულების თანახმად, სვანეთში მოსახლეობისთვის დენი უფასოა, ელექტროენერგიის გადასახადს კი მხოლოდ მეწარმეები იხდიან. „მაინერები“ კი მეწარმეებად არ რეგისტრირდებიან.