სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა 7 ივნისის კენჭისყრიდან მოეხსნა ოპოზიციური ბლოკი "ძლიერი სომხეთი", რომელსაც ოპონენტები მოსკოვთან დაკავშირებულად ახასიათებენ. ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.
კომისიას "ძლიერი სომხეთის" დისკვალიფიკაციის თხოვნით მიმართა მემარჯვენე ორიენტაციის, პროევროპულმა პარტიამ "რესპუბლიკა". თავისი თხოვნის საფუძვლად პარტიამ დაასახელა "ძლიერი სომხეთის" რიგი კანდიდატებისადმი წაყენებული ბრალდებები ამომრჩეველთა მოსყიდვის თაობაზე. კომისიაში განაცხადი შევიდა მას მერე, რაც გაიმართა სატელევიზიო დებატები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობით. ფაშინიანმა "ძლიერი სომხეთის" მიმართ გამოთქმული ბრალდებები ახსენა, თუმცა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა არ აპირებდა კომისიისთვის მიემართა - რათა არ შექმნილიყო საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ მას კენჭისყრიდან ოპონენტების მოხსნა მარცხის შიშის გამო სურს. ამასთან, ფაშინიანმა თქვა, რომ თუ კომისიაში განაცხადის შეტანა "რესპუბლიკას" უნდოდა, მას ამის გაკეთება შეეძლო.
შაბათს ცნობილი გახდა, რომ "ძლიერი სომხეთიდან" დეპუტატობის ექვსი კანდიდატი სასამართლოს გადაწყვეტილებით დააპატიმრეს, ფულის გათეთრებასა და სხვა დანაშაულებში ბრალდებებით. მანამდე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა "ძლიერი სომხეთის" სიის ლიდერის, ნარეკ კარაპეტიანის წინააღმდეგ - მას რუსეთის მოქალაქეობის დამალვაში ადანაშაულებენ.
სომხეთში არჩევნები 7 ივნისსაა დანიშნული, ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის უპრეცედენტოდ დაძაბვის ფონზე. წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის მაღალჩინოსნები მკვეთრად აკრიტიკებდნენ ფაშინიანს, და მას დასავლეთთან დაახლოებაში ადანაშაულებდნენ.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თავს იკავებდა მკვეთრი გამონათქვამებისგან პირადად ფაშინიანის მიმართ, მაგრამ სხვა მაღალჩინოსნები ამგვარი განცხადებით გამოდიოდნენ. კერძოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი პლატფორმაზე X ინგლისურ ენაზე წერდა, რომ ფაშინიანმა "შარვალში მოისაქმა", რომ იგი "ცდილობს არჩევნებიდან მოხსნას ყველა თავისი მეტოქე" და რომ "აშკარაა, რომ ასეთ არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებენ".
რეალურად კენჭისყრიდან სომხეთში არც ერთი პარტია არ მოუხსნიათ. გამოკითხვების თანახმად, ლიდერობს ნიკოლ ფაშინიანის "სამოქალაქო შეთანხმება", ხოლო "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილის პრეტენდენტია.