კოსოვოში კვლავ არჩევნებია ამომრჩეველთა უკმაყოფილების ზრდის ფონზე

Your browser doesn’t support HTML5

კოსოვოში 7 ივნისს კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები იმართება, რომელიც ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მესამეა იმის ფონზე, რომ ამომრჩეველთა უკმაყოფილება ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური ჩიხის გამო იზრდება.

არჩევნები მას შემდეგ ტარდება, რაც პოლარიზებულმა პარლამენტმა აპრილში პრეზიდენტის არჩევა ვერ შეძლო, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც მოიცვა ქვეყანა 2025 წლის თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

პრემიერმინისტრ ალბინ კურტის პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის არჩევნებში ლიდერობდა, ვერ მოიპოვა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უმრავლესობა, რამაც დეპუტატებს შორის მრავალთვიანი მწვავე განხეთქილება გამოიწვია და საბოლოოდ აიძულა, ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინათ დეკემბერში.

კურტის პარტია „ვეტევენდოსიემ,“ რომელიც მემარცხენე დღის წესრიგსა და მგზნებარე ნაციონალიზმს აერთიანებს, კვლავ გაიმარჯვა არჩევნებში და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეუერთდა მთავრობის ფორმირებისთვის.

ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარე არჩევნები სერბეთის ყოფილ ოლქში ტარდება ცხოვრების ფასების ზრდის ფონზე, რასაც ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში ამომრჩევლები მწვავედ გრძნობენ.

კვირას დაგეგმილი არჩევნები 11,5 მილიონი აშშ დოლარზე მეტი დაჯდება, პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიის ხარჯების გამოკლებით.

არჩევნების საერთო ღირებულება ხუთჯერ გაიზარდა, თუ 2025 წელს ჩატარებულ ორ საყოველთაო და ორ ადგილობრივ არჩევნებს დავუმატებთ.

საარჩევნო უბნები დილის შუა ევროპის დროით 7:00 საათზე გაიხსნა და 12 საათში დაიხურება, რა დროისთვისაც ეგზიტპოლების შედეგებია მოსალოდნელი. წინასწარი შედეგები 7 ივნისს (გვიან) საღამოს გახდება ცნობილი.

კოსოვო სერბეთის ყოფილი ოლქია, რომელიც გამოეყო ამ ქვეყანას და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივაა აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

1990-იანი წლების ომებს ყოფილ იუგოსლავიაში მოჰყვა სისხლიანი დაპირისპირება კოსოვოელ ალბანელებს და სერბებს შორის, რაშიც, იძულებული გახდა ნატო ჩარეულიყო. ამის შემდეგ კოსოვოს საერთაშორისო ადმინისტრაცია მართავდა, იქ განათავსეს საერთაშორისო ძალები.

კოსოვომ 2008 წელს ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვოს რესპუბლიკის ტერიტორია სერბეთის რესპუბლიკის ნაწილია და განისაზღვრება, როგორც კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური პროვინცია (შემოკლებით კოსმეტი). თუმცა, კოსოვოს სერბეთის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ამასობაში, ჩრდილოეთ კოსოვო, რომელიც ძირითადად სერბებით არის დასახლებული, პრიშტინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არ არის.

კოსოვო აღიარა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანამ, მაგრამ მას დამოუკიდებელ ქვეყნად არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი სახელმწიფო, რუსეთი და ჩინეთი.

კოსოვო არ უღიარებია საქართველოს.

ასევე ნახეთ

კოსოვოს პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი ალბინ კურტის მთავრობას