ისრაელის არმია: დავადგინეთ, რომ ირანმა ისრაელისკენ რაკეტები გაუშვა. ტრამპი: დავურეკავ ნეთანიაჰუს, რომ "არ უპასუხოს ირანის თავდასხმებს"

საილუსტრაციო ფოტო

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა X-ის საშუალებით განაცხადა: ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადგინეს, რომ ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები ცოტა ხნის წინ გაუშვეს.

საჰაერო თავდაცვის სისტემები იერიშის მოსაგერიებლად მოქმედებენ, წერია განცხადებაში.


„ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს მოლაპარაკებებს“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ს.

„რას ვურჩევდი ირანს: რაკეტები გაისროლეთ, საკმარისია, დაუბრუნდით მოლაპარაკების მაგიდას და მიაღწიეთ შეთანხმებას“.

ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმის შესახებ დღეს ტრამპმა თქვა: „მე არ ვარ კმაყოფილი".

ტრამპმა Channel 12-ს განუცხადა, რომ
დაურეკავს ნეთანიაჰუს და ეტყვის, რომ "არ უპასუხოს ირანის თავდასხმებს".


ირანის რევოლუციური გვარდიის თანახმად, ისრაელის არმიამ ლიბანზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს და თუ თავდასხმებს გააფართოებს ან ირანის ქმედებებზე უპასუხებს, მას „კიდევ უფრო გამანადგურებელი და სამწუხარო დარტყმები“ ელის.


ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტების მეორე ტალღა იქნა გაშვებული. ამ ცნობაში, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს, დეტალები არ კონკრეტდება.
ისრაელის სამხედროებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაჰიეს სამხრეთ გარეუბანში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა 7 ივნისს დაბომბეს.


2 მარტიდან მოყოლებული, ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათობით - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ. ლიბანის სამხრეთში მოსახლეობა იძულებული იყო დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილები. სისტემატური განგაში ცხადდებოდა ლიბანის მიმდებარე ისრაელის ტერიტორიაზე.