დააკავეს ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

კადრი შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

პოლიციამ დააკავა ბათუმში 45 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობაში ბრალდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბრალდებული დააკავეს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

შემთხვევა 31 მაისს ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ, სევრიანე აჭარელის ქუჩაზე მოხდა. შსს-ს თანახმად, ბრალდებულმა ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ აჭარაში გამთენიისას დააკავა. მას ამ დრომდე ეძებდნენ. ჯერჯერობით უცნობია ჩადენილის მოტივი.

ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი” მოქალაქეებზე დაყრდნობით წერდა, რომ მათ გაიგონეს 7-8 გასროლა, კაცს წინასწარ ელოდებოდნენ, მომხდარის შემდეგ კი პირი, რომელმაც ისროლა, ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველების მონაყოლზე დაყრდნობით, გამოცემა წერდა, რომ კაცი ტროტუარზე იმყოფებოდა და სილამაზის სალონში შესულ ცოლს ელოდებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

ონლაინგამოცემა ambebi.ge წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ როლანდ და­ვი­თა­ძე სა­ბერ­ძნეთ­ში მუ­შა­ობ­და და ხელ­ვა­ჩა­ურ­ში 1 წლის წინ დაბ­რუნ­და. გამოცემის წყაროს თანახმად, მოკლული და ბრალდებული მეზობლები იყვნენ. რადიო თავისუფლება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად ამ ინფორმაციის გადამოწმებას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.