მაკა ბოჭორიშვილი თურქეთში გამართულ სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობდა

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალში. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს.

„ჩვენმა თანამშრომლობამ აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. ჩვენი პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომელიც მთელი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა თქვა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს „სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში“:

„აღვნიშნეთ, რომ თანამშრომლობა არის სტაბილური, კონსტრუქციული და ამჟამად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ყოველივე აუცილებელია იმ რთული თემებისთვის, პროექტებისთვის, რომელსაც ჩვენ ახლა ვავითარებთ. ჩვენ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის განვითარებას. ეს თანამშრომლობა ხსნის საკმაოდ მნიშვნელოვან ფანჯარას“.

დღეს, 8 ივნისს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, შემდეგი, რიგით მე-11 შეხვედრა თბილისში გაიმართება.