„ყოველ ჯერზე მაფერხებენ“ - ბექა ქურხული სამშობლოში დაბრუნების დროს „ტერორზე“ საუბრობს

ბექა ქურხული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

მწერალი და სამხედრო რეპორტიორი ბექა ქურხული ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნების დროს მას საზღვარზე პრობლემებს უქმნიან. ასე მოხდა დღესაც, როცა ის ბულგარეთში გამართული „შავი ზღვის ლიტერატურული ფესტივალიდან“ საქართველოში კოლეგა მწერლებთან ერთად ბრუნდებოდა.

ყველა მისმა კოლეგამ საპასპორტო კონტროლი შეფერხების გარეშე გაიარა, ის კი შეაჩერეს. ქურხული ამბობს, რომ ასე მოხდა სამშობლოში დაბრუნების ბოლო სამ შემთხვევაში. ის ფიქრობს, რომ საზღვარზე შექმნილი პრობლემები მის უკრაინაში ყოფნას უნდა უკავშირდებოდეს.

„მეუბნებიან, რომ პროგრამული შეფერხებაა, მაყოვნებენ ძალიან დიდხანს - არ ამბობენ არაფერს, რატომ მაფერხებენ ან რამდენი ხნით. გაყურყუტებენ, მერე პასპორტს მოგაჩეჩებენ და გიშვებენ...

ვფიქრობ, რომ ეს არის უმწეო ფსიქოლოგიური შანტაჟისა და ტერორის მცდელობა. ამათი დაკავების და შეჩერების რომ მეშინოდეს, ოთხჯერ არ ჩავიდოდი უკრაინაში“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ბექა ქურხული ამბობს, რომ საზღვარზე შეაჩერეს 3 ივნისსაც, როცა ის მოლდოვის გავლით უკრაინიდან ბრუნდებოდა. დღეს „პროგრამული ხარვეზის“ მიზეზით სასაზღვრო პოლიციამ დაახლოებით 15 წუთი შეაჩერა, შემდეგ კი გაჩხრიკეს.

„რაღაცას წვალობენ... აქეთ უნდა ანუგეშო, რომ „შენ არაფერ შუაში ხარ“... ვიცი, რაშიც არის საქმე - უკრაინაში ომი...“

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.