დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს უწოდა „პოლიტიკის გროსმაისტერი“, რომელიც „გარე მტრების“ და „აგენტურის“ პოლიტიკური თავდასხმების „მთავარი ობიექტია“.
თქვა, რომ ისინი „ივანიშვილის რეჟიმად“ მოიხსენიებენ დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას; რომ მსგავსი რამ მოისმინა სატელევიზიო დებატებშიც და გადაწყვიტა, „ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე“ საკუთარი პოზიცია გამოეხატა.
განაცხადა ისიც, რომ ეს ბრიფინგიც საკუთარი ინიციატივით დაგეგმა და ბიძინა ივანიშვილთან არ შეუთანხმებია.
„ფორმალური როლი“
მან ხაზი გაუსვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი.
„სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართველი ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება“, - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ
„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“ - რა რეკომენდაციები ექნება ევროკომისიას გაფართოების ანგარიშში„მისი რჩევები ფასდაუდებელია“
ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს „იმ ფარგლებში, რაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის საპატიო როლს შეესაბამება“.
„ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში“, - თქვა პრემიერმა.
„ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება“, - თქვა მან და დასძინა:
„მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქვა პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა“.
ივანიშვილი და „დეოლიგარქიზაციის“ მოთხოვნა
ბიძინა ივანიშვილის კრიტიკოსები, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ იგი, - მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებდა, - ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გადამწყვეტ გავლენას ინარჩუნებდა.
ბიძინა ივანიშვილი „პოლიტიკაში დაბრუნდა“ 2023 წლის 30 დეკემბერს, რის შემდეგაც პარტიაში საპატიო თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.
ივანიშვილის მწვავე შეფასებებით გამოირჩევა ევროპული პარლამენტი, რომელმაც არაერთ რეზოლუციაში იგი „ოლიგარქად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ მას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისთვის.
ევროპარლამენტი ასევე არაერთხელ გამოვიდა მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების მოწოდებით.
„დეოლიგარქიზაცია“ იყო ევროპული კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაც საქართველოსთვის საქართველოსთვის გაწერილ 12 რეკომენდაციასა და შემდეგ 9 დათქმაში - რაც კანდიდატის სტატუსს უკავშირდებოდა.
ასევე ნახეთ
„საქართველოს ფაილი დაიხურება“ - „ოცნების“ 8 ნაბიჯი და ერთი წელი 28 ნოემბრიდან„სახელმწიფოს მიტაცებაში“ სდებს ბრალს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას კვლევითი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. მას - სხვა არასამთავრობოების მსგავსად, - „ქართული ოცნება“, თავის მხრივ, „გლობალური ომის პარტიის“ „აგენტს“ უწოდებს.
ბიძინა ივანიშვილის 2024 წლის 27 დეკემბერს ფინანსური სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმა - „რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.