უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის, რკინიგზის და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მიერ 12 ივნისს დილით გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლი და ნგრევაა სუმის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და კიევის ოლქებში.
სუმის ოლქის შოსტკის რაიონში დრონებით შეტევა იყო რკინიგზაზე. დაიღუპა რკინიგზის სადგურის ოპერატორი ქალი და დაშავდა სადგურის მორიგე.
დრონებით და არტილერიით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ზაპოროჟიეს ოლქში. დაზიანებული ან დანგრეულია 60-ზე მეტი სახლი და სხვა სამოქალაქო ობიექტი.
უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ქალაქ ნიკოლაევში, სადაც დანგრეულია ორი კერძო სახლი და ათზე მეტი დაზიანებულია. დაზიანდა სატრანსპორტო საწარმოს შენობაც.
რუსული დრონებით შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა კიევის ბორისპოლის რაიონში, ინფრასტრუქტურის ობიექტზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, რომლის ცნობითაც, დილის რვა საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო, კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 12 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 117 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 102 დრონის მოგერიება და 14-ით პირდაპირი დარტყმა 7 ადგილზე.
ასევე ნახეთ
დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა „როსნეფტის“ ქარხანამ სამარაში - Reutersგასული ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა იყო რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმზეც. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 231 უკრაინული საფრენი აპარატი მოიგერიეს.
რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის მეთაურმა რუსტამ მინიხანოვმა 12 ივნისს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ „მტრის უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო ზაკამსკის რეგიონზე“, ერთი დრონი სახლს მოხვდა, სამი ადამიანი დაშავდა და დაზიანებულია საწარმოებიც. მინიხანოვს კონკრეტული საწარმოები არ დუასახელებია.
ზაკამსკი ეკონომიკური ზონაა, რომელიც რამდენიმე რაიონს აერთიანებს.
რუსული მედიასაშუალებების ცნობით, დრონებით შეტევა იყო თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკზე. ამ ქალაქში არაერთი საწარმოა, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხნები.
მინიტორინგის უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, 12 ივნისს ნიჟნეკამსკში დრონებით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოზე".
უკრაინული არხების ცნობითვე, დარტყმა იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში მდებარე ქიმიურ საწარმოზეც, სადაც ხანძარი გაჩნდა.
გამოცემა „კრიმსკი ვეტერის“ ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო რამდენიმე რაიონში, მათ შორის საკის სამხედრო აეროდრომის მახლობლად. ქალაქ სიმფეროპოლში ხანძარი გაჩნდა იმ რაიონში, სადაც ელექტროსადგური მდებარეობს.