სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლს 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა

იუნ სოკ-იოლი საკონსტიტუციო სასამართლოში. სეული, 21 იანვარი, 2025.

სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ-იოლს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება Yonhap. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის პროვოცირების მცდელობაში, რათა გაემართლებინა სამხედრო მდგომარეობის შემოღება 2024 წლის დეკემბერში.

გამომძიებლების თქმით, იუნ სოკ-იოლმა სანქცია მისცა 2024 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე დრონების გაშვების ოპერაციას, იმ იმედით, რომ სიტუაციას დაძაბავდა.

ყოფილ თავდაცვის მინისტრს, კიმ იონ-ჰიონს, იმავე საქმეზე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილ უფროსს, იო ინ-ჰიონს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იუნს ადრე სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი აჯანყების ორგანიზებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის, რაც დაკავშირებული იყო 2024 წელს სამხედრო მდგომარეობის დაწესების წარუმატებელ მცდელობასთან.

სპეციალურმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოითხოვა სიკვდილით დასჯა, რაზეც სამხრეთ კორეაში დასჯაზე მორატორიუმია 1997 წლიდან.

65 წლის იუნ სოკ-იოლი ბრალდებებს უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის რანგში მას ჰქონდა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილება და რომ მისი ნაბიჯი მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიების მიერ მთავრობის საქმიანობისთვის ხელის შეშლაზე ყურადღების მიპყრობას.

2024 წლის 3 დეკემბერს, საპარლამენტო ოპოზიციასთან ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ, იუნ სოკ-იოლმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა „ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის შიდა მხარდამჭერების წინააღმდეგ საბრძოლველად“. დეკრეტით, რომელიც ექვს საათს მოქმედებდა, აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, საპროტესტო აქციები და გაფიცვები, შემოღებულ იქნა ცენზურა და სამხედრო სასამართლოები სიკვდილით დასჯის უფლებით. ამან გამოიწვია მასშტაბური საპროტესტო აქციები როგორც სეულის ქუჩებში, ასევე პარლამენტში. პარლამენტის წევრებმა მოგვიანებით იუნი აჯანყების მცდელობაში დაადანაშაულეს და იმპიჩმენტი გამოუცხადეს. 2026 წლის იანვარში იუნს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ 2025 წლის იანვარში მან ხელი შეუშალა მის დაკავებას, შეადგინა და პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ გაანადგურა საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ ბრძანებულება, ასევე განკარგულება გასცა, წაეშალათ ჩანაწერები ტელეფონებიდან, რომლებსაც სამხედროები იყენებდნენ.

სულ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრა რვა სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო მდგომარეობის შემოღების მცდელობასთან, მისი მეუღლის სავარაუდო კორუფციასთან და 2023 წელს საზღვაო ქვეითის სიკვდილთან.

ასევე ნახეთ

6 საათში გაუქმებული სამხედრო მდგომარეობა და პრეზიდენტის მოსალოდნელი იმპიჩმენტი. რა ხდება სამხრეთ კორეაში?