სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების წინააღმდეგია.
თურქეთისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე თურქეთმა კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობის შეთავაზება.
ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშულებდნენ ტანკერებზე დრონებით თავდასხმებში, რომლებიც თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მოხდა, მათ შორის - თურქეთის გემზე. ანკარამ ამ თავდასხმებზე ორივე ქვეყნის მიმართ პროტესტი გამოხატა.
ასევე ნახეთ
ზელენსკი ტრამპთან საუბრის შესახებ - „ახლა მას ესმის, რომ პუტინს არ უნდა ომის შეწყვეტა“ჰაკან ფიდანმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თურქეთი ემხრობა მხარეების მიერ მოლაპარაკებების განახლებასა და ომის მაქსიმალურად მალე დასრულებას.
„გადავეცი [თურქეთის - რთ] მზადყოფნა მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდების მასპინძლობისთვის... თუკი მხარეები თანახმა იქნებიან, მზად ვართ ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკებები და იყოს უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული“.
მიმდინარე ზაფხულში, 7-8 ივლისს თურქეთი ანკარაში უმასპინძლებს ნატოს სამიტს.
16 ივნისს გამართულ ბრიფიგნზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი „აფასებს უკრაინის გარშემო ვითარების მოგვარების კონტექსტში თურქეთის დიპლომატიურ ძალისხმევას. შევახსენებთ ჩვენს თურქ კოლეგებს - იმისთვის, რომ მოგვარება იყოს მდგრადი, ხანგრძლივი და საიმედო, აუცილებელია ამ კრიზისის პირველადი მიზეზების აღმოფხვრის პრობლემის გადაჭრა - მათ შორის, უკრაინის ნატოში შეყვანას, ყველანაირი მტკიცების, დაპირებებისა და ეუთოს გადაწყვეტილებების მიუხედავად. არანაკლებად მნიშვნელოვანია რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობის კანონიერი უფლებების სრულად აღდენისა და დაცვის მიღწევა ტერიტორიებზე, რომლებიც კიევი რეჟიმის კონტროლის ქვეშ რჩება და უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის სრული უფლებების აღდგენა“.
თურქ კოლეგასთან შეხვედრის შინაარსზე საუბრისას ლავროვმა ახსენა საქართველოც, „3+3“ ფორმატის კონტექსტში:
„ამიერკავკასიაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას, აღვნიშნეთ, რომ ამ რეგიონში მშვიდობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განმტკიცებას ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მონაწილეობა რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა „3+3“-ში მონაწილეობა, რომელშიც შედიან აგრეთვე აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი და რომელსაც, როგორც ვიმედოვნებთ, პერსპექტივაში შეუერთდება საქართველო - მისთვის კარი მუდამ ღია რჩება“.