გერმანიის მმართველი ბლოკის რეიტინგი ისევ იკლებს, იზრდება ულტრამემარჯვენეების

გერმანიის დროშა პარლამენტის შენობის თავზე

გერმანიაში ზრდას განაგრძობს ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი და ეცემა მმართველი კონსერვატიული ბლოკის.

საერთაშორისო კვლევითი კომპანია YouGov-ის მიერ 12-15 ივნისს ჩატარებული გამოკითხვით, ამ კვირას გერმანიაში ფედერალური არჩევნები რომ ტარდებოდეს, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 29%-ს მიიღებდა. ეს 1%-ით მეტია მაისის ანალოგიური პერიოდის შედეგზე.

2%-ითაა შემცირებული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის(CDU/CSU) მმართველი კონსერვატიული ბლოკის რეიტინგი და 20%-ს შეადგენს. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის სექტემბრიდან.

1%-ითაა გაზრდილი და 14%-ია „მწვანეების“ რეიტინგი. 1% დაკარგა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც YouGov-ის გამოკითხვების ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი, 12% აქვს. ამდენივე აქვთ მემარცხენეებს, რომელთა რეიტინგი მაისთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.

ასევე ნახეთ

„პალადინების“ იერიში: რუსეთში ევროპული ულტრამემარჯვენე ქსელი დაარსდა

გერმანელ ულტრამემარჯვენეებს 29% აქვთ სოციოლოგიური ინსტიტუტის, INSA-ს მიერ 16 ივნისს გამოქვეყნებული შედეგებითაც, მმართველ კონსერვატიულ ბლოკს კი - 22%.

კვლევითი კომპანია Forsa-ს გამოკითხვით, რომლის შედეგებიც 16 ივნისს გამოქვეყნდა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი 27%-ია, ხოლო მმართველი ბლოკის - 21%. გერმანიის სხვა პარტიების რეიტინგი 15%-ზე დაბალია.

  • გერმანიაში 2025 წლის თებერვალში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ბლოკმა CDU/CSU ხმების 28,6% მიიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - 20,8%.