გულბაათ რცხილაძეს მამის პანაშვიდზე დასწრების უფლება არ მისცეს - ადვოკატი

გულბაათ რცხილაძე

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს 85 წლის მამის პანაშვიდზე დასწრების უფლება არ მისცეს.

მისი ადვოკატი ლაშა გოლუბიანი ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურში წარადგინეს ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის პროკურორისა და გამომძიებლის თანხმობის წერილი - ეტაპირებისთვის კი საჭირო მხოლოდ პენიტენციური სამსახურის დირექტორის, გიორგი პატარიძის ხელმოწერა იყო საჭირო.

„სამშაბათს [16 ივნისს] იყო გასვენება და ამ დრომდე აქტიურ განხილვაში იყო განაცხადი. მოლოდინი გვქონდა, თვითონ გულბაათსაც ციხეში ეუბნებოდნენ, რომ ბადრაგის მანქანას ელოდებოდნენ. ჟარგონულად რომ ვთქვათ, „გადაგვაგდეს“... - ამბობს ადვოკატი.

მისივე ცნობით, პანაშვიდზე გარდაცვლილის შვილის გამოჩენას ელოდნენ ოჯახის წევრები:

„ეს არის არაადამიანური და ამორალური ქმედება - გარდაცვალების მესამე დღეს, კვირას უნდა მომხდარიყო გასვენება და ოჯახმა გადადო მეხუთე დღემდე, რომ გულბაათს პანაშვიდზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონოდა. პარასკევს უკვე თანხმობა არსებობდა, შეგნებულად არ გადმოიყვანეს“.

რადიო თავისუფლებამ ამ საკითხზე კითხვა დაუსვა პენიტენციურ სამსახურს, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გულბაათ რცხილაძის საქმე

გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებულ რცხილაძეს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და „ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას“.

1 ივნისს რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

დაკავებულის ადვოკატის, ლაშა გოლუბიანის განცხადებით, გულბაათ რცხილაძეს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია - არც ჩვენება არ მიუცია, არც ბრალი არ უღიარებია.

როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ: „არანაირ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და არავის დავალებით არ მოქმედებდა, ჯაშუში არ არის ეგ ადამიანი“.

ასევე ნახეთ

ძალიან გახსნილი ურთიერთობა გვქონდა - ირანის ელჩი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ რცხილაძეზე