წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკებები შვეიცარიის საკურორტო ქალაქ ბიურგენშტოკში უნდა შედგეს.
შვეიცარიაში ღამით ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი; ხოლო მანამდე ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
„იმედი მაქვს, რომ წინ წავიწევთ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით და მივაღწევთ პროგრესს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზეც“ - განაცხადა ჯეი დი ვენსმა დაგეგმილი შეხვედრის მიზნებთან დაკავშირებით.
მოელიან, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღეს მოითხოვს.
საერთაშორისო მედიის თანახმად - უკვე შვეიცარიაში იმყოფება ირანის დელეგაციაც, პარლამენტის თავმჯდომარის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაშია ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
„შვეიცარია კვლავაც უზრუნველყოფს კონფიდენციალურ და საიმედო გარემოს ბიურგენშტოკში აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაციის თაობაზე მოლაპარაკებების ხელშესაწყობად“, - განაცხადა შვეიცარიის მთავრობამ. დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. მოგვიანებით, როგორც ვაშინგტონმა, ისე თეირანმა დაადასტურეს, რომ მათი მოლაპარაკებების ჯგუფები შვეიცარიაში გაემგზავრებოდნენ.
აშშ-მა და ირანმა კონფლიქტის შეწყვეტის ხელშეკრულებას 17-18 ივნისს [ცალ-ცალკე] მოაწერეს ხელი; თუმცა შემდეგ ვითარება დაიძაბა და 19 ივნისს დანიშნული შეხვედრის ჩაშლამაც ეჭვები გამოიწვია.
ასევე ნახეთ
ირანმა კვლავ გამოაცხადა, რომ დაიხურა ჰორმუზის სრუტეასევე ნახეთ
გადაიდო აშშ-ირანის მოლაპარაკება, რომელიც 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა დაწყებულიყო19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და ჰეზბოლამ აშშ-ის შუამავლობით მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თუმცა, 20 ივნისს ისრაელის არმიამ ახალი დარტყმები განახორციელა ჰეზბოლას სამიზნეებზე. ისრაელი აცხადებს, რომ ეს დარტყმები იყო პასუხი ჰეზბოლას იერიშებზე ლიბანის სამხრეთში, ისრაელის საბრძოლო პოზიციებზე.
პროირანული დაჯგუფება, ჰეზბოლა, აშშ-ს და ისრაელს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. ევროკავშირს შავ სიაში შეყვანილი ჰყავს მხოლოდ დაჯგუფების გასამხედროებული დანაყოფი, მაგრამ არა პოლიტიკური პარტია.
აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტად მოიხსენიებენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ჰორმუზის სრუტეში განახლდა ტანკერების მოძრაობა, ხოლო აშშ-მა ბლოკადა მოუხსნა ირანის პორტებს.
თუმცა, 20 ივნისს, ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სრუტე კვლავ ჩაიკეტება. აშშ-ს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენა გადამწყვეტი ფაქტორია მსოფლიოში საწვავის ფასების შემცირებისა და დასტაბილურებისთვის. ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებამდე, ჰორმუზის სრუტე ატარებდა მსოფლიოს მიერ წლიურად მოხმარებული ნავთობისა და თხევადი აირის 20-25%-ს.