შტაბის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, 21 ივნისის ღამით, დრონები ქერჩის გადასასვლელზე ბორან „პანაგიიას“ [«Панагия»] დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა.
შტაბი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს რეკომენდაციას აძლევს, რომ ისარგებლონ შემოვლითი მარშრუტით - რომელიც გადის დონის როსტოვზე, ტაგანროგსა და ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქებზე - მარიუპოლზე, მელიტოპოლსა და სიმფეროპოლზე.
უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის სოფელ ჩუშკაში მდებარე ნავთობტერმინალზეც. დრონების ნამსხვრევები კიდევ ორ რაიონში ჩამოვარდა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა - ტიხორეცკისა და ბელოგლინსკის რაიონებში. ოპერატიული შტაბი აზუსტებს, რომ იქ არავინ დაშავებულა.
დრონები ასევე დაესხნენ თავს ოკუპირებული ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ქერჩს, სადაც არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი ავრცელებს. ამ ცნობით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, ხოლო 28 დაშავდა. დეტალები არ კონკრეტდება.
სოციალურ ქსელებში ქვეყნდება ფოტო და ვიდეომასალები, რაც ადასტურებს, რომ ხანძარია ქერჩისა და კავკაზის ნავთობბაზების ტერიტორიაზე. არის ხანძრის სხვა კერებიც, მათ შორის - საოკუპაციო არმიის № 98546 სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა, მთელი ღამის განმავლობაში, რუსეთის სამხრეთ და ცენტრალური ნაწილის რვა რეგიონისა და ოკუპირებული ყირიმის თავზე - 239 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
უკრაინელ სამხედროებს დარტყმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ოკუპირებული ყირიმი უკრაინის არმიის განსაკუთრებული სამიზნეა და კერძოდ - ენერგეტიკული ობიექტები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ნახევარკუნძულზე საწვავის დეფიციტია. აქსიონოვმა განაცხადა, რომ რეგიონში ავტოგასამართი სადგურები წყვეტენ ბენზინის გაყიდვას მოსახლეობაზე და მარაგები მხოლოდ სახელმწიფო სამსახურების ტრანსპორტისთვის არის გამიზნული.