რუსეთის მიერ დანიშნული საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, გაყიდვა შეწყდა როგორც “ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით” და ასევე "ტალონებით" - რომლებიც ჰქონდათ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს.
„საწვავი მიეწოდებათ მხოლოდ სახელმწიფო სამსახურებს, რომლებიც ყირიმის რესპუბლიკის სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“, - წერს აქსიონოვი ტელეგრამზე.
მომავალი ბუნდოვანია, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
„ყველას გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ენდოთ მხოლოდ ოფიციალური წყაროების ინფორმაციას“ - წერია განცხადებაში.
ოკუპირებული ყირიმი უკრაინის არმიის განსაკუთრებული სამიზნეა და კერძოდ - ენერგეტიკული ობიექტები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ნახევარკუნძულზე საწვავის დეფიციტი უკვე თვეებია შეინიშნება.
პარალელურად, სულ უფრო იზრდება რუსეთის რეგიონების რიცხვი, სადაც ასევე საწვავის დეფიციტია და ადამიანები ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელ რიგებში დგანან.
ასევე ნახეთ
უკრაინული დრონები რუსეთის საწვავის სისტემას ანგრევენ - დეფიციტი უკვე 53 რეგიონშია21 ივნისს, ასევე აქსიონოვმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული დრონების ახალი, მასშტაბური თავდასხმის შესახებ, ყირიმის მიმართულებით - რასაც დამატებითი შეზღუდვები მოჰყვა.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ჩაიკეტა ყირიმის საბორნე გადასასვლელი, მოსახლეობას ალტერნატიულ მარშრუტზე ამისამართებენ, პორტებში ხანძარია, არის მსხვერპლი.
უკრაინის არმიას დარტყმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა, მთელი ღამის განმავლობაში, რუსეთის სამხრეთ და ცენტრალური ნაწილის რვა რეგიონისა და ოკუპირებული ყირიმის თავზე - 239 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.