რუსეთი უკრაინის თაობაზე შეთანხმებების შესრულებას კი არ ელის, რომლებიც თითქოს მიღწეულ იქნა აშშ-სთან შარშან ანკორიჯში გამართულ მოლაპარაკებებზე, არამედ „გამარჯვებას“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, განაცხადა სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიასთან ინტერვიუში, რასაც იმოწმებენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
უშაკოვის თქმით, „ერთ-ერთმა მხარემ“ (შეერთებულმა შტატებმა), „როგორც ჩანს, და ახლა უკვე შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი, ბოლომდე ვერ შეძლო პროცესის თავისი ნაწილის დასრულება და შეთანხმებების შესრულება“. მას არ აუხსნია, თუ რა შეთანხმებები იყო ეს.
უშაკოვის სიტყვებით, რუსეთი ახლა ელის არა შეთანხმებების შესრულებას, არამედ „საკუთარი მიზნების“ მიღწევას.
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ უშაკოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მსგავსად, არ გამორიცხა ე.წ. შეთანხმებების შესრულების შესაძლებლობა. უშაკოვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და უკრაინა ამ შეთანხმებების შესრულებაზე კი არა, რუსეთის დამარცხებაზე არიან ორიენტირებული. მისი სიტყვებით, ეს იმედები უშედეგოა, რადგან, როგორც მან თქვა, ფრონტზე სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ ვითარდება.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის 15 აგვისტოს შეხვედრიდან მოყოლებული, რუსეთის ოფიციალური პირები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ე.წ. „ანკორიჯის სულისკვეთებაზე“ თუ იქ მიღწეულ „გაგებებზე“. თუმცა, ამ „შეთანხმებების“ კონკრეტული შინაარსი არასდროს გამჟღავნებულა. კომენტატორები ზოგადად ვარაუდობდნენ, რომ შეთანხმება გულისხმობდა აშშ-ის მიერ კონფლიქტის გაყინვის მხარდაჭერას და რუსეთის მოთხოვნაზე დათანხმებას, რომ მთელი დონბასი რუსეთის კონტროლქვეშ გადასულიყო, რასშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ასეთი შეთანხმების არსებობა. კიევმა მიანიშნა, რომ აშშ უკრაინაზე ტერიტორიული კომპრომისისკენ ზეწოლას ახდენდა, მაგრამ პირდაპირ არასდროს მოუთხოვია დონბასიდან გასვლა.
საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ტრამპმა მხარი დაუჭირა განცხადებას, რომელშიც ლაპარაკია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ ბრძოლის ველზე ვითარება მის სასარგებლოდ იცვლება. მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი არ წყვეტენ შუამავლობის ძალისხმევას, მაგრამ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ამჟამად ფაქტობრივად შეჩერებულია.