მარკო რუბიო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეიტსა და ბაჰრეინს ეწვევა "რეგიონულ პრიორიტეტებზე" სამსჯელოდ

მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

23-25 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეწვევა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეიტსა და ბაჰრეინს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ტურნეს ფარგლებში განიხილავს „რეგიონულ პრიორიტეტებს, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩათვლით, ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში სრულფასოვანი და თავისუფალი ტრანზიტის უზრუნველსაყოფად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“

ბაჰრეინში ვიზიტისას, მარკო რუბიო შეხვდება "სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს", რეგიონში საერთო პრიორიტეტებზე სამსჯელოდ.

კვირას შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ, 22 ივნისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს აშშ-ირანის მოლაპარაკებების შუამავლებმა - კატარმა და პაკისტანმა. დოკუმენტის თანახმად, მიღწეულია დამაიმედებელი პროგრესი. კერძოდ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების უსაფრთხოდ მოძრაობის უზრუნველსაყოფად მხარეები შეთანხმდნენ საკომუნიკაციო არხის შექმნაზე.

ორშაბათსვე აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ვაშინგტონი 60 დღით აუქმებს სანქციებს ირანის ნავთობის წარმოებასა და გაყიდვაზე:

„შვეიცარიაში მიმდინარე პროდუქტიული მოლაპარაკებების შესაბამისად, ირანმა დადო პირობა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და ღია ტრანზიტის უზრუნველყოფაზე და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების მათ ქვეყანაში დაშვებაზე. მოლაპარაკებების ამ ჩარჩოს შესაბამისად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა დროებითი, 60-დღიანი ნებართვა ირანის ნავთობის წარმოებაზე, მიწოდებასა და გაყიდვაზე“.

მოგვიანებით, 22 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ყველასთვის ცნობილია, რომ ირანი დათანხმდება მნიშვნელოვანი იარაღის ინსპექტირებაზე, „ბირთვული პატიოსნების“ უზრუნველსაყოფად მომავალში, ხანგრძლივი ვადით“.

17 ივნისს აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით, საშუამავლო პროცესს ზედამხედველობას გაუწევს მაღალი დონის კომიტეტი პოლიტიკურ ზედამხედველობას. ცალკე ჯგუფი იმუშავებს ლიბანში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის მისაღწევად.

შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში ტექნიკური მოლაპარაკებები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.