აშშ-მა ჩაატარა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის, „ოქროს გუმბათის“, პირველი გამოცდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ოქროს გუმბათის" პროექტის შესახებ განცხადებას აკეთებს თეთრ სახლში. ვაშინგტონი, 20 მაისი, 2025.

შეერთებულმა შტატებმა შტატ ნიუ-მექსიკოში ჩაატარა ახალი მრავალდონიანი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის, „ოქროს გუმბათის“, პირველი გამოცდა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 24 ივნისს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა.

„დღეს სისტემა Golden Dome for America-ს (GDA) პირველი ისტორიული გამოცდა სრული წარმატებით დასრულდა და ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი ამ მოვლენის მოწმე,“ დაწერა მან სოცქსელ X-ში. „Golden Dome-ის მეშვეობით ომის სამინისტრო ჩვენს სამშობლოს დაიცავს უფრო ეფექტიანად, ვიდრე ოდესმე წარსულში,“ აღნიშნა ჰეგსეთმა.

2025 წლის 7 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ რამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის თაობაზე. ის უნდა გაუმკლავდეს მუქარას რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან და ითვალისწინებს დედამიწის ორბიტაზე ასობით თანამგზავრის განთავსებას, რომელთა მიზანია მტრის რაკეტების აღმოჩენა და განადგურება აფრენის ტრაექტორიაზე.

ანალიტიკოსები ამ სისტემის იდეას ადარებენ აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ 1983 წელს წარმოდგენილ სტრატეგიულ თავდაცვით ინიციატივას, სახელწოდება კი შთაგონებულია ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემით, „რკინის გუმბათით“.

2025 წლის თებერვალში „ოქროს გუმბათით“ დაინტერესება გამოთქვა კანადამ. საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას უხელმძღვანელებს აშშ-ის კოსმოსური ძალების გენერალი მაიკლ გეტლეინი.

როგორც Deutsche Welle იტყობინება, თეთრი სახლის თანახმად, პროექტის რეალიზაციის წინასწარი ღირებულება 175 მილიარდი დოლარი იქნება. მაგრამ აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოში მიაჩნიათ, რომ პროექტის რეალიზაციას დასჭირდება 20 წელი და მინიმუმ 500 მილიარდი დოლარი.

ასევე ნახეთ

ბირთვული კონტროლის ეპოქის დასასრული: მსოფლიო ახალი “გამალებული შეიარაღების”  მოლოდინში