მოკლედ
- თასუა მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანი სამგლოვიარო დღეა, რომელსაც, როგორც წესი, მსვლელობით აღნიშნავენ.
- საქართველოში ეს დღე და მსვლელობა ყურადღების ცენტრში პირველად რამდენიმე წლის წინ, პოლიტიკური კონტექსტის გამო მოხვდა.
- ამჯერად თასუას მსვლელობამ მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების გარეშე ჩაიარა, ფონიჭალაში კი მკაცრად კონტროლდებოდა, არ ჰქონოდათ მსვლელობის მონაწილეებს პოლიტიკური გზავნილები.
ფონიჭალა - მსვლელობა პოლიციის და პოლიტიკური გზავნილების გარეშე
ფონიჭალის მეჩეთთან მორწმუნეები შეკრებას 23 ივნისს, დილის 10-ის ნახევრისთვის იწყებენ - მსვლელობა ათზეა დაგეგმილი. მეჩეთის თავზე გლოვის ნიშნად შავი დროშა ფრიალებს, შავი დროშებია გადმოფენილი ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლების ღობეებზეც.
თასუას სამგლოვიარო დღეებში შიიტი მორწმუნეები იხსენებენ მეშვიდე საუკუნეში ქარბალას ბრძოლაში მოკლულ 72 შიიტს, რომელთა შორის იყო წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი, იმამ ჰუსეინი. სწორედ ეს ბრძოლა ითვლება შიიტებსა და სუნიტებს შორის განხეთქილების ათვლის წერტილად.
ოჯახები ბავშვებთან ერთად მოდიან - მეჩეთთან ქალები და კაცები სხვადასხვა ნაწილებში გროვდებიან. ყველაზე აქტიურები პატარები არიან - ყველას უნდა დროშა დაიჭიროს, მსვლელობას წინ მოექცეს. ამ ბავშვების დიდი ნაწილი სპარსულის და ყურანის სასწავლებლად მეჩეთში კვირაში ორჯერ მაინც დადის.
ფონიჭალის აჰლი ბეითის მეჩეთი დაკავშირებულია არასამთავრობო სტატუსით მოქმედ აჰლ ალ-ბაითის მსოფლიო კრებასთან, რომელიც დასავლეთში ირანის სპეცსამსახურების საფარ ორგანიზაციად მიიჩნევა. აქ არაერთხელ გამართულა ანტიამერიკული და პროირანული ქადაგებები. 19 ივნისს აჰლი ბეითის მეჩეთის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მიერ მაისის ბოლოს გავრცელებული გზავნილი, რომელშიც ამერიკა დიდ სატანად არის მოხსენიებული. იქვე წერია, რომ მომავალში ლოზუნგები "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს" მსოფლიოში გავრცელებულ საერთო შეძახილად იქცევა.
მიწა, რომელზეც აჰლი ბეითის მეჩეთია აშენებული, 2008 წლიდან ეკუთვნის ნიაზ ამირხანოვს, აჰლი ბეითის კულტურულ-საქველმოქმედო ცენტრის ხელმძღვანელს და გარდაბნის მუსლიმთა სასულიერო საზოგადოების დირექტორს. ორივე ორგანიზაცია 2013 წელსაა რეგისტრირებული. აჰლი ბეითის კულტურულ-საქველმოქმედო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეა რახიდ კერიმოვი, რომელიც ამავდროულად ასწავლის ამ მეჩეთიდან რამდენიმე მეტრით დაშორებულ სახლში გახსნილი ირანული ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ქართულ ფილიალში. ეს უნივერსიტეტი, რომელსაც საქართველოში არალიცენზირებული სამი ფილიალი აქვს, სანქცირებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე კანადის მიერ, ექსტრემიზმის მხარდაჭერისთვის.
ასევე ნახეთ
“სიყვარულის მახვილი” - რას აკეთებს ირანული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში?ფონიჭალის აჰლი ბეითის მეჩეთში, სადაც ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ მისი ფოტოები არაერთხელ გამოჩენილა, 21 მარტს კი მისი სულის მოსახსენებლადაც ილოცეს, 23 ივნისს არსად ჩანდა პოლიტიკური სიმბოლიკა - იყო მხოლოდ შავი დროშები გლოვის ნიშნად, წითელი დროშები მოწამეთა დაღვრილი სისხლის ნიშნად და ცხენი ისლამის სიმბოლო მწვანე ფერის ქსოვილით.
ერთადერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თასუას მსვლელობას ბოლოში მოუყვებოდა ალი ხამენეის ფოტოთი, არაერთხელ გააფრთხილეს მსვლელობის ორგანიზატორმა კაცებმა, რომ აქ ჟურნალისტები იყვნენ და ფოტო ჯობდა გადაემალა.
თასუა წინ უძღვის აშურას - დღემდე მოღწეული ცნობების მიხედვით, იმამი ჰუსეინი და მისი რაზმი დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ქარბალას უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ ომაიანთა ხალიფის, იაზიდ პირველის არმიასთან, მათ შორის კონფლიქტი კი ჰუსეინის მხრიდან ხალიფის მიმართ ერთგულების ფიცის დაუდებლობას მოჰყვა.
თასუა - მუჰარამის მე-9 დღე - ომაიანთა არმიამ ჰუსეინის რაზმი, რომლის შემადგენლობაშიც ქალები და ბავშვებიც შედიოდნენ, ალყაში მოაქცია და მათ წყალი გადაუკეტა.
აშურა - მუჰარამის მე-10 დღე - გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც ჰუსეინი და მისი ოჯახის წევრები მტერმა წამებით დახოცა.
ისლამური კალენდრის წმინდა თვის, მუჰარამის მე-9 და მე-10 დღეებს, როგორც თასუას, ისე აშურას, ისლამურ სამყაროში მკაფიო იდეოლოგიური დატვირთვა აქვს - ერთგვარი სიმბოლოა მცირერიცხოვანი ჯგუფის ტირანულ, უსამართლო და მრავალრიცხოვან ძალასთან დაპირისპირებისა.
მაგალითად, დღეს ირანის ხელისუფლებისთვის, რომელიც ქვეყნის შიგნით განსხვავებულ აზრს სისხლში ახშობს, ქარბალას ბრძოლის ინტერპრეტაცია საგარეო პოლიტიკურ ნარატივში ასეთია: ამერიკა და ისრაელი თანამედროვე ტირანები არიან, ირანი და მისი დაფინანსებული პროქსი ჯგუფები - ჰუსეინის გზის გამგრძელებლები.
ამ კონტექსტის გამო, მაგალითად, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში განსაკუთრებით მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ან საერთოდ არ იმართება თასუას მსვლელობები - რათა რელიგიური ტრადიცია პოლიტიკურ გამოსვლებში არ გადაიზარდოს.
ფონიჭალაში 22 ივნისის მსვლელობამ პოლიციის მეთვალყურეობის გარეშე ჩაიარა - მორწმუნეები მეჩეთიდან ვიწრო ქუჩების გავლით ცენტრამდე მივიდნენ. გზადაგზა მათ სახლიდან გამოტანილი ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ თანასოფლელები.
"დღეს ჩვენი მოვალეობაა, ამ ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ, ხელი ხელს ჩავკიდოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში. მთელი გულითა და სულით ვემსახუროთ ჩვენს სახელმწიფოს, სახელმწიფოებრიობას, დროშას, ერსა და ეროვნულ იდეალებს. ისწავლეთ, განვითარდით, ჩააბარეთ უნივერსიტეტებში, შედით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. რაც უფრო მეტად განვითარდებით, მით უკეთ გაიგებთ იმამის გზას. ალაჰმა ნუ მოაკლოს ამ სახელმწიფოს წყალობა, ამ ქვეყანას, ამ სამოთხის მსგავს მხარეს, აქ მცხოვრებ მუსლიმებსა და ყველა მოქალაქეს. ალაჰმა დაგვამეგობროს ერთმანეთთან ამ სამშობლოში, მიუხედავად რელიგიისა, ენისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა", - თქვა მსვლელობის დასასრულს სცენაზე სხვა სასულიერო პირებთან ერთად ასულმა შეიხ ვიდადი კურბანოვმა.
ვიდადი კურბანოვი ფონიჭალის სასულიერო სკოლის მასწავლებელიცაა. ის 2024 წლის აპრილში მედიასთან მასზე თავდასხმაზე საუბრობდა - მაშინ ამბობდა, რომ დეიდაშვილმა მოტყუებით წაიყვანა მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც თავდამსხმელთა ჯგუფმა სცემა და ჭრილობები მიაყენა.
მარნეული - მსვლელობაში პოლიტიკოსები არ მონაწილეობენ, აქ ალი ხამენეის მიმართ სიმპათია დაუფარავია
მარნეულში ფონიჭალისგან განსხვავებით, მეჩეთი არა შეკრების ადგილი, არამედ მსვლელობის საბოლოო დანიშნულებაა. აქ მორწმუნეები ქალაქის ცენტრში იკრიბებიან, აჰლი ბეითის შენობასთან. ამავე შენობაშია იმამ ალის საქველმოქმედო ფონდი. მსვლელობის ორგანიზებაში ჩართული მოზარდებისა და ახალგაზრდა ბიჭების ნაწილს სწორედ იმამ ალის ფონდის ლოგოიანი მწვანე ჟილეტები აცვია - მათ ნაწილს მაისურზე ალი ხამენეის ფოტო აქვს გამოსახული. ამ ფოტოზე ხამენეის იარაღი უჭირავს ხელში.
აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, რომელიც ქვეყანას თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, 86 წლის ასაკში, 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის გამანადგურებელი და მიზანმიმართული საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.
იმამ ალის ფონდი საქართველოში 2024 წელს დარეგისტრირდა, როგორც ორგანიზაცია - მისი გამგეობის წევრებს შორის არის ჰაჯი ჰაჯიევი [დოკუმენტებში გაჯი გაჯიევი], იმამ ალის მეჩეთის, იგივე წითელი მეჩეთის ახუნდი, რომელსაც არაერთხელ განუდიდებია თავის ქადაგებებში აიათოლა ხამენეი.
ასევე ნახეთ
მარნეულის მეჩეთში ქადაგება აიათოლა ხამენეის მიუძღვნესსწორედ ჰაჯი ჰაჯიევი მოუძღოდა პროპალესტინურ მსვლელობას 2023 წლის ოქტომბერში მარნეულში, სადაც სოლიდარობის აქცია ჰამასის მხარდამჭერ, ანტისემიტურ და ანტიდასავლურ დემონსტრაციად გადაიქცა.
იმამ ალის საქველმოქმედო ფონდი, ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ირანული რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტია საქართველოში.
ასევე ნახეთ
„საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“ - ჰადსონის ინსტიტუტის კვლევამარნეულში, სადაც ჩანს, რომ შეკრება მასშტაბური იქნება, ფონიჭალისგან განსხვავებით, პოლიცია მობილიზებულია. ისინი საშუალებას აძლევენ მორწმუნეებს, გადაკეტონ რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო გზის ერთი ზოლი. თასუას მსვლელობას ქალები და კაცები ერთმანეთისგან განცალკევებულ ჯგუფებად მიუყვებიან. მსვლელობას წინ ავტომობილები მიუძღვება ხმის გამაძლიერებლებით, რომლებშიც მუსიკა ისმის. დაახლოებით ორკილომეტრიანი გზის გავლას მსვლელობის მონაწილეები საათზე მეტს ანდომებენ. საბოლოო პუნქტი იმამ ალის მეჩეთია.
აქ სიტყვით უკვე ჰაჯი ჰაჯიევი გამოდის.
"დღეს ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ამ წმინდა ტრადიციის სახელით საკუთარი პირადი და მცდარი მიზნები განახორციელოს.
თუმცა ისინი თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ, რადგან აშურასა და თასუას რიტუალი ჩვენს საზოგადოებაში ათწლეულებია არსებობს და ამ ხნის მანძილზე მისგან არანაირი საფრთხე თუ დაპირისპირება არ წარმოშობილა. ის მხოლოდ სოლიდარობის, თანაგრძნობისა და სულიერი ღირებულებების მატარებელი იყო. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სხვადასხვა პერიოდში ადამიანები ერთგულად ინარჩუნებდნენ ამ ტრადიციას. მაგალითად, საბჭოთა რეჟიმის დროსაც კი, როდესაც რელიგიური თავისუფლება შეზღუდული იყო, ჩვენი წინაპრები აშურასა და თასუას ტრადიციას არ ივიწყებდნენ და ამ შეკრებებს ყოველთვის ახორციელებდნენ", - თქვა მან და შემდეგ მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომლებმაც მსვლელობის მშვიდ ვითარებაში ჩატარება უზრუნველყვეს.
"ასევე, დასაფასებელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადება, რომელშიც მან ხაზი გაუსვა ადამიანების უფლებას, თავისუფლად გამოხატონ და იცხოვრონ საკუთარი რწმენით. ეს მნიშვნელოვანი და დასაფასებელი პოზიციაა, რომელიც რელიგიური თავისუფლების პატივისცემას გამოხატავს", - თქვა ჰაჯიევმა. მისი ამ მადლობის ადრესატი ნინო წილოსანია. "ოცნების" დეპუტატმა საქართველოს მუსლიმური თემის გავლით საქართველოში ირანის გავლენების შესაძლო ზრდის შესახებ დასმული კითხვის პასუხად 24 ივნისს თქვა:
“არანაირ უცხო ქვეყნის გავლენებს ამ ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ბოლო, რაც ყველაზე მავნებლური გავლენები იყო ენჯეო სექტორში, ვფიქრობ, რომ ისიც გამჭვირვალობამ რაღაცნაირად დაარეგულირა და აღმოფხვრა. თქვენ გინდათ, რომ რაღაც დაპირისპირება თუ შუღლი გააღვივოთ რელიგიურ ნიადაგზე, ნამდვილად არ გამოგივათ. ამიტომ, მიეცით ადამიანებს თავისი აღმსარებლობის ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობა."