ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ პრაიდის მსვლელობას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და წერს, რომ უნგრეთის ლგბტქი+ თემს საბოლოოდ შეუძლია, შიშის გარეშე გამოვიდეს ქუჩაში.
„დღეს ბუდაპეშტის ქუჩები სიხარულითა და სიამაყით არის სავსე. ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ეზეიმათ თავისუფლება და უფლება, იყვნენ ან გახდნენ ისინი, ვინც სინამდვილეში არიან. ძალიან მიხარია, რომ უნგრეთის LGBTIQ+ საზოგადოებას საბოლოოდ შეუძლია შიშის გარეშე მსვლელობა გამართოს.
დღეს მთელი ევროპა ამაყია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი
უნგრეთის ხელისუფლებაში პეტერ მადიარის მთავრობის მოსვლის შემდეგ პირველად, პრაიდი ოფიციალურად კვლავ ჩატარდა და შაბათს, 27 ივნისს, 10,000-ზე მეტი უნგრელი შეუერთდა ბუდაპეშტის პირველ ყოველწლიურ „პრაიდ“ მსვლელობას მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ლიდერი ვიქტორ ორბანი აპრილში არჩევნებში დამარცხდა.
რეკორდული სიცხის მიუხედავად მონაწილეები ქალაქში გავიდნენ და ცისარტყელას და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა მოაწყვეს.
გასული წლის მსვლელობა, რომლის აკრძალვას ცდილობდა ორბანი LGBTQ+ უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ფართო პოლიტიკის ფარგლებში, მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციაში გადაიზარდა, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა.