მათი სახელები წინასაარჩევნო ყრილობაზე გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, დმიტრი მედვედევმა. თავად ის, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სიაში არ არის.
მარია ლვოვა-ბელოვაზე, ისევე, როგორც რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერები. ბავშვთა ომბუდსმენი და პრეზიდენტი ეჭვმიტანილი არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო გაყვანაში კიევის კონტროლის მიღმა მყოფი უკრაინის ტერიტორიებიდან. ეს ომის დანაშაულად მიიჩნევა.
ყრილობაზე წარმოადგინეს ახალი სააგიტაციო პლაკატი პუტინის გამოსახულებით და წარწერით - "იყო პუტინის მომხრე - საბაზისო მინიმუმია", ზემოთ განთავსებულია სიტყვები "ერთიანი რუსეთი - პრეზიდენტის პარტია". როგორც გამოცემა "მედუზა" აღნიშნავს, 2007 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პარტია ოფიციალურად აცხადებს თავს "პრეზიდენტისად". თავად პუტინი, როგორც იუწყებიან, ფედერალურ სიაში არ იქნება.
ყრილობაზე თავის მოკლე გამოსვლაში პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა "უკან იხევს საბრძოლო შეხების მთელს ხაზზე, ამიტომ გადავიდა ტერორისტულ მოქმედებებზე", ხოლო რუსეთი, პუტინის აზრით, განიცდის "უპრეცედენტო ზეწოლას" დასავლეთის მხრიდან.
პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მონაწილეებს უწოდა "ჭეშმარიტი ელიტა" და განაცხადა, რომ "ერთიანმა რუსეთმა" დაიმსახურა ლიდერი-პარტიის სტატუსი. პუტინი გამოვიდა პირობით რომ შესრულდება მოსახლეობისთვის მიცემული ყველა სოციალური დაპირება.
ფონდ "საზოგადოებრივი აზრის" მონაცემებით, პარტია "ერთიანი რუსეთის" რეიტინგი ივნისის შუა რიცხვებში შეადგენდა 38 პროცენტს. ასეთ ფონზე, გამოცემა "ვედომოსტის" ცნობით, ხელისუფლებამ შეამცირა სამიზნო მაჩვენებლები ამომრჩევლის გამოცხადებაზე და პარტიის შედეგზე მომავალი არჩევნებისთვის, რომელიც 18-20 სექტემბერსაა დანიშნული.