ბიძინა ივანიშვილზე დაწერილი პოსტისთვის აქტივისტი თამუნა გიორგაძე 3 ათასი ლარით დააჯარიმეს

თამუნა გიორგაძე

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 3 ათასი ლარით დააჯარიმა აქტივისტი, პროდასავლური აქციების მონაწილე თამუნა გიორგაძე, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაწერილი პოსტისთვის.

სასამართლოს რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ.

გიორგაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევას ედავებოდნენ, რაც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

სასამართლოს სხდომას თამუნა გიორგაძე არ დასწრებია, ის გადაწყვეტილებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდა. როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს, "წყევლას შეურაცხყოფად არ მიიჩნევს".

„მე დავწერე „პოსტი“ ჩემს პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ

გინებაც, წყევლაც და „დაფიფქული“ სიტყვებიც - ჯარიმები სიძულვილის ენის სასამართლოებიდან

თამუნა გორგაძის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.


სასამართლოებში ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე. ამ სწრაფ სხდომებზე შსს მოქალაქეებს ედავება სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას.

პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე.

რა მუხლებით ედავება ფეისბუკის მომხმარებლებს შს სამინისტრო?

ორი მუხლით:

  • N1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება. ეს სამართალდარღვევა ითვალისწინებს 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45-დღიან პატიმრობას. თუკი დარღვევა განმეორდება, ჯარიმა 2500-დან 6000 ლარამდე იზრდება, პატიმრობა კი - 60 დღემდე.
  • N2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს. ეს სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 3 000 - 5 000 ლარამდე იზრდება და ჯარიმის სახით წესდება პატიმრობაც - 5-დან 60 დღემდე.


პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს, 29 ივნისს, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ "დღეს სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპელობასთან. ისინი, ვინც პროევროპულობას იბრალებენ, არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები".

სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგების კომენტირებისას პაპუაშვილმა თქვა, რომ "შედეგები გვაჩვენებს, რომ გარედან თავსმოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია მათ შორის პოლიტიკური დებატებისთვის".

ამასთან, პაპუაშვილის სიტყვებით, "ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია შეიძლება ამით ცოტათი გამოსწორდეს" და "ევროკავშირიც უნდა იყოს გულშემატკივარი ამ წამოწყების, რაც საბოლოო ჯამში ე.წ. პროევროპულ ძალებს აიძულებს, რომ დაუბრუნდნენ ზრდილობიან, უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამით გაგვაგებინონ რა სურთ".