ჩვენი უფლებამოსილების ვადა დასრულდა - პეტერ ფიშერი გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს

პეტერ ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

ქართულად დაწერილ გამოსამშვიდობებელ პოსტში ის ამბობს:

„ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”(მომავალ შეხვედრამდე)."

პოსტს ახლავს წელს რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებული ფოტო და პიტერ გებრიელის კომპოზიცია „Won't Stand Down“ - „უკან არ დავიხევთ".

პეტერ ფიშერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა.

ხელისუფლების გამოხმაურება

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ყაზახეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად შეაფასა ფიშერის საქართველოში ელჩობა.

"პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის - იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება,", - თქვა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ "მადლიერია წლების განმავლობაში გერმანიის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო" და გამოხატა "დიდი სურვილი", "აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩვეული. სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება“, - თქვა კობახიძემ.

2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების შესახებ; თუმცა გაგრძელდა პროექტები, რომლებითაც, როგორც ბერლინი აცხადებს, საქართველოს ხალხს ეხმარება.
გერმანიამ აღარ განაახლა მთელი რიგი პროგრამები.


ასევე ნახეთ

ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს - პეტერ ფიშერი 9 აპრილზე

"ქართული ოცნების" კრიტიკა ფიშერის მიმართ

ელჩი პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. „ოცნებაში“ ბოლო დროს ხშირად აცხადებდნენ, რომ გერმანიის ელჩი „ვენის კონვენციის“ მოთხოვნებს უგულებელყოფდა.

ასევე ნახეთ

საქართველოში დაბრუნებული გერმანიის ელჩი მადლობას უხდის კარგ ადამიანებს, მეგობრებს

პეტერ ფიშერი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის აკრიტიკებდა და წუხილს ღიად გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველო კარგავს დროსა და ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს.