„მე დავიფიცე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ამ ბრძოლაში უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა 30 ივლისს, ნატოს სამიტამდე ერთი კვირით ადრე, მეიდენჰედში, კომპანია „მალოი აერონაუტიქსის“ დათვალიერების შემდეგ, როცა მან ქვეყნის „თავდაცვაში ინვესტირების გეგმა“ წარადგინა - „ეჭვი არ შეგეპაროთ, ამ ომის შედეგი განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. რუსეთს უკრაინაში რომ გაემარჯვა, პუტინი იქ არ გაჩერდებოდა, არამედ თვალს დაადგამდა სხვა მოკავშირეებს, რითაც გამოიწვევდა მეტ არასტაბილურობას ჩვენს კონტინენტზე, მეტად მოახდენდა ზეგავლენას ჩვენს უსაფრთხოებასა და ცხოვრების ხარჯებზე და კიდევ უფრო დიდი იქნებოდა თავდაცვაზე რესურსების მობილიზაციის საჭიროება. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ უკრაინა მტკიცედ დგას. სულ უფრო მეტად ახერხებენ რუსეთის უკუგდებას ბრძოლის ველზე. არის მკაფიო ნიშნები იმისა, რომ რუსეთის დანაკარგების ზრდისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მოსკოვში არსებული განწყობები პუტინის ომის წინააღმდეგ ტრიალდება. ასე რომ, ეს არის მომენტი ზეწოლის გასაზრდელად - უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად და რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის გასაზრდელად“.
პრემიერმინისტრ სტარმერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო თავდაცვის ხარჯებს ზრდის 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად და ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად ამ სახელმწიფოსთვის რეკორდულ თანხას - თითქმის 300 მილიარდ გირვანქა სტერელინგს დახარჯავს:
„ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდით, ორი წლის წინ, ეს ქვეყანა თავდაცვაზე წელიწადში ხარჯავდა 54 მილიარდ გირვანქა სტერლინგს. ჩვენ ამ ხარჯს ვზრდით თითქმის 80 მილიარდამდე, 2029 წლისთვის. ეს არის რეალურად 27%-იანი ზრდა - მშპ-ს 2.3%-იდან, რომელიც 2024 წელს იყო 2.7%-მდე ვზრდით, რითაც დავადექით 3%-ის ხარჯვის მიღწევის ტრაექტორიას, მომდევნო პარლამენტში, რაც უნდა იყოს უპირველესი პრიორიტეტი ხარჯების შემდეგი მიმოხილვის დროს.
ნატოს ბოლო სამიტზე მე გავეცი ჩვენს ფართო გაგებით უსაფრთხოებაზე ხარჯის მშპ-ს 5%-მდე გაზრდის დაპირება, რომელიც ფარავს როგორც ენერგოუსაფრთხოებასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ისე თავდაცვას. დღეს გამოქვეყნებული „თავდაცვაში ინვესტიციის გეგმით“ იმ დაპირების 4,2%-იან ნიშნულზე გავდივართ. ნებისმიერი საზომით ეს არის უზარმაზარი, ისტორიული წინსვლა ჩვენი სახელმწიფოსთვის და მემკვიდრეობა, რომლითაც მე ვამაყობ“.
კირ სტარმერმა თავდაცვის ახალი გეგმის ზოგიერთ დეტალზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:
„5 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტს ჩავდებთ დრონებისა და ავტონომიური იარაღის წარმოებაში - ეს იქნება გაერთიანებული სამეფოს უდიდესი ინვესტიცია ამ ტექნოლოგიებში.
ახალი გეგმა ნიშნავს იმას, რომ ავაშენებთ ახალ ჰიბრიდულ „სამეფო საზღვაო ძალებს“, როცა ჩვენი ფრეგატები გაანეიტრალებენ ბრიტანეთის ინტერესებისთვის გამოვლენილ საფრთხეებს, როგორიცაა რუსეთის გემი ჩვენს წყლებში - ამას განახორციელებენ უეკიპაჟო მზვერავი გემები, წყლის ზედაპირზე და წყალქვეშ, მათი ხელოვნური ინტელექტის სისტემები მუშაობენ ჩვენს მოიერიშე გემებთან უნისონში, როგორც ერთიანი ინტეგრირებული ძალა.
ამას დაემატება „სამეფო საჰაერო ძალების“ (RAF) Typhoon-ის ტიპის მოიერიშეები ავტონომიური მართვით, რაც მათ მტრისთვის უხილავს ხდის.
ჩვენ შევქმნით არმიას, რომელიც ათჯერ უფრო ლეტალური იქნება - მოიერიშე დრონებით, რომლებიც ჩვენი „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენებთან ერთად იფრენენ, მზვერავი დრონების ახალი ფლოტით, რომელიც მოაგროვებს სადაზვერვო ინფორმაციას და გამოავლენს სამიზნეებს და გავზრდით დაბალი ღირებულების თავდასხმითი დრონების წარმოებას, რომლებიც ასეთი ეფექტიანი აღმოჩნდა უკრაინაში.
ამასთან, ინვესტიციას ვდებთ შორი მანძილის რაკეტებში, ჯავშანმანქანებსა და ანტი-დრონულ თავდაცვით სისტემებში“.
სტარმერი შეეცადა თავისი მოქალაქეებისთვის აეხსნა რატომ არის თავდაცვის გაძლიერება მნიშვნელოვანი გაერთიანებული სამეფოსთვის:
„მშვიდობის პარადოქსი ის არის, რომ, როცა მსოფლიო იარაღდება და აგრესია მატულობს, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მზადებაა. თავდაცვის საუკეთესო გზა შეკავებაა და ისეთი ძალის ქონა, რომელიც შენს მტრებს აიძულებს მეტად დაფიქრდნენ, ვიდრე მოქმედებაზე გადავიდოდნენ“.
პრემიერმინისტრის სიტყვებით, ახალი თავდაცვითი ხარჯვის გეგმა სამ მიზანს მოემსახურება:
- ბრიტანეთის ხალხის უსაფრთხოების გაძლიერებას
- ბრიტანეთში ახალი - 60 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას
- ხელს შეუწყობს ბრიტანეთის „საერთაშორისო ლიდერობის გაძლიერებას და ნატოს უფრო გაევროპულებას“.
30 ივნისის გამოსვლის დროს კირ სტარმერმა უკრაინა და მისი სამაგალითო ბრძოლა არაერთხელ ახსენა:
„უკრაინაში ბრძოლის ველზე ვხედავთ, რომ კონფლიქტის ბუნება ჩვენს თვალწინ იცვლება.
შეზღუდული საზღვაო ძალების, შეზღუდული ტრადიციული საჰაერო ძალებისა და შეზღუდული შეიარაღების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს [რუსეთის - რთ] შავი ზღვის ფლოტი, ისინი ახორციელებენ დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და შეაჩერეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არმიის წინსვლა.
ისინი ამას აკეთებენ თავიანთი გამბედაობით - დიახ, თუმცა ასევე ტექნოლოგიების დანერგვით.
ისინი ბრძოლაში იყენებენ დრონებს ისე, როგორც არასდროს, რადგან ესმით, რომ სამხედრო ძლიერებაში ინოვაციისა და სწრაფი, მასშტაბური წარმოების უნარს ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ხელოვნური ინტელექტი ამ ტრანსფორმაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.
ამ ფონზე, ნატოს კიდევ უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია“.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა 22 ივნისს განაცხადა, რომ ის ტოვებს პრემიერმინისტრის პოსტს მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ მმართველი ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერა ენდი ბერნჰემისკენ გადაიხარა. ახალი პრემიერმინისტრის შერჩევა-დამტკიცების პროცედურები სექტემბრამდე გასტანს. იმ დრომდე თავისი უფლებამოვალეობების შესრულებას კირ სტარმერი გააგრძელებს.