სააკაშვილი: ლევანს ინგლისურს უწუნებდნენ, მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს

ფოტოკოლაჟი: მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და თინა ბოკუჩავა

წინა ხელისუფლებაში მყოფი, ახლა უკვე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბოლო წლებში პარტიაში თავმჯდომარეების ცვლილების მიზეზებზე საუბრობს.

„TV პირველთან“ წერილობით ინტერვიუში მან ისაუბრა რა ხდებოდა ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან თინა ბოკუჩავას არჩევამდე.

სააკაშვილი ამბობს, რომ მელიას წინააღმდეგ მისი თანაგუნდელების გამოსვლა მისთვის მოულოდნელი იყო, ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, თუმცა მოგვიანებით „აღიარა“, რომ ეს იყო „პარტიის უმრავლესობის სწორი გადაწყვეტილება“. თავმჯდომარის იმ არჩევნებში მელია დამარცხდა, მის ნაცვლად ეს თანამდებობა ლევან ხაბეიშვილმა დაიკავა.

„რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს. მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი ბაბლი“ დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ, ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივ ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან - რას.

ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს“, - აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ ივლისში, მას შემდეგ, რაც ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, „ყველა ვარიანტში სხვა უნდა აგვერჩია“.

ბოლო წლებში როგორ იცვლებოდნენ თავმჯდომარეები „ნაციონალურ მოძრაობაში“